01 ოქტომბერი 2026,   01:04
ვრცლად
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია თბილისში 19-20 ნოემბერს გაიმართება

2026 წლის 19-20 ნოემბერს, თბილისში, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი), დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდება.

ყოველწლიური კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის შემდგომი გაძლიერება, ამ სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება, საერთაშორისო და ადგილობრივი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.

კონფერენცია გააერთიანებს ადგილობრივ და 20-მდე ქვეყნის საერთაშორისო დელეგატებს, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროს ექსპერტებს, შესაბამისი უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ღონისძიების საპატიო მომხსენებელი იქნება ტერესა მორეირა - კონკურენციის საერთაშორისო ექსპერტი და გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი პანელური დისკუსიები დაეთმობა კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებს, მათ შორის: მომხმარებლის დაცვის გლობალურ ტრანსფორმაციასა და რეგულირების თანამედროვე მიდგომებს; კონკურენციასა და ხელმისაწვდომობას მოწყვლად ბაზრებზე - ფარმაცევტულ და სასურსათო სექტორებში; კონცენტრაციების კონტროლს დინამიკურ ეკონომიკაში; მომხმარებელთა დაცვას ონლაინ ბაზრებზე; კონკურენციის სამართლისა და სექტორული რეგულირების ურთიერთქმედებას; გლობალური ეკონომიკური ტრანსფორმაციის პირობებში კონკურენციის, ვაჭრობისა და ინდუსტრიული პოლიტიკის ბალანსს.

კონფერენცია საქართველოში კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის 30 წელს მიეძღვნება. 1996 წელს მიღებულმა კანონმა საფუძველი ჩაუყარა ამ სფეროში სამართლებრივი დაცვის მექანიზმების განვითარებას და შეიქმნა პირველი ანტიმონოპოლიური სამსახური. საიუბილეო თარიღი კონფერენციას დამატებით მნიშვნელობას სძენს და ქმნის შესაძლებლობას, შეფასდეს განვლილი გზა და განისაზღვროს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შემდგომი გაძლიერების პრიორიტეტები.

2025 წელს ღონისძიებამ 350-ზე მეტ დელეგატს, 50-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო მომხსენებელსა და 18 ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებების 40-ზე მეტ წარმომადგენელს უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საჯარო ინსტიტუტების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

დეტალური ინფორმაცია კონფერენციის დღის წესრიგის განახლების, მომხსენებლებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე: www.ccc.gov.ge

 

დღის ამბები