საქართველოს პროკურატურის ინფომრაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, გამოძალვის, იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენის, ტარების და ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნო, რომელთაგან ერთს უვადო, ხოლო მეორეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც გავრვცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 იანვარს, ბრალდებულმა, რომელიც აღიარებდა „ქურდულ სამყაროს“, მეორე ბრალდებულის, ასევე, ქურდული სამყაროს წევრის, ორგანიზებით და მითითებით, მარნეულის ბაზარში დაზარალებულების მაღაზიაში, მამა-შვილის მიმართულებით არაერთი გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებებით შვილი იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მამა კი დროული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.
"მკვლელობის უშუალო ამსრულებელი სამართალდამცველებმა 7 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ი’’, ,,ნ’’ და ,,მ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, შეკვეთით და ანგარებით), 19-109-ე მუხლის ,,ი’’, ,,ნ’’, ,,მ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, შეკვეთით და ანგარებით) 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად), 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საზღვრის უკანონო გადაკვეთა) წარედგინა, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მკვლელობის ორგანიზატორს და შემკვეთს ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-109-ე მუხლის ,,ი’’, ,,ნ’’ და ,,მ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის ორგანიზება, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, შეკვეთით), 25-19-109-ე მუხლის ,,ი’’, ,,ნ’’, ,,მ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ორგანიზება, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, შეკვეთით), 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად), 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდად; გამოძალვა, ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით) და 25-187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის განადგურების ორგანიზება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით და ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში," - ვკითხულობთ ინფომაციაში.