მეორე დღეა ოპოზიცია ამტკიცებს, რომ "აირაის" კვლევებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. ხელისუფლების ოპონენტები არ პასუხობენ შეკითხვას - ვინ დაუკვეთა კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს. "აირაის" ევრაზიის წარმომადგენლობას "კურიერმა" წერილობით მიმართა - გამოაქვეყნებს თუ არა ორგანიზაცია კვლევის შედეგებს. პარტიების რეიტინგები არაოფიციალურად სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.
კვლევის მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ 1 ან 2 პროცენტი აქვთ, სულ კი 16 პროცენტი. "ქართული ოცნების" შედეგი ალოკაციის გარეშე 36 პროცენტია, ალოკაციით კი 55. აღსანიშნავია, რომ "ქართულ ოცნებას" 36 პროცენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის არცერთ კვლევაში არ ჰქონია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" შედეგებით ისტორიულ მაქსიმუმზეა, ოპოზიცია კი ისტორიულ მინიმუმზე.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომ კვლევა საზოგადოებისთვის სიახლე არ ყოფილა.
"ის რეიტინგი, რაც ამ კვლევაში არის მოცემული, "ქართული ოცნებისთვის" არის ძალიან კარგი, იქიდან გამომდინარე, რომ მათ მსგავსი დიდი რეიტინგი, აი ამ ორგანიზაციას, "ქართული ოცნებისთვის" ჯერჯერობით არ მიუნიჭებიათ, ხომ?
რაც შეეხება ოპოზიციას, მე ვფიქრობ, რომ ეს შედეგი მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა, იმიტომ, რომ რეალურად მე არავის მხრიდან არ მომისმენია ისეთი განცხადებები, რომ ეს არის სიცრუე ან თითქოს რეიტინგი ჩვენ მეტი გვაქვს.
საზოგადოებისთვისაც არ ყოფილა სიახლე, დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანი ვადევნებთ თვალყურს, როგორ მიდის ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის რეიტინგი ნულისკენ.
და ზუსტად ამ კვლევამაც აჩვენა, რომ ისინი ჩამოსულები არიან თითო პროცენტამდე და დარწმუნებული ვარ, კიდევ არჩევნები სანამ მოვა, საერთოდ განულდებიან.
და აქედან გამომდინარე, მე მათ ვურჩევდი, რომ ქვეყნის გარეთ სირბილს ჯობია ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობასთან ჰქონდეთ მეტად კომუნიკაცია", - აცხადებს შალამბერიძე.