17 საუკუნის წინ გაკეთებული არჩევანი, რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქართველი ერის სახე, კულტურა და ისტორიული გზა. საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა, საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების მთავარ ფაქტორზე.
ქრისტიანული ფასეულობები, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის, კულტურის, თვითმყოფადობისა და ეროვნული ცნობიერების მთავარი ღერძია, ამის შესახებ კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემაც ისაუბრეს. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ხელმძღვანელებმა, განსაკუთრებულად აღნიშნეს მეოთხე საუკუნიდან დღემდე, საქართველოს ქრისტიანულ გზაზე ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიისა და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პატრიარქის, ილია მეორეს როლი.
თანამედროვე მსოფლიოში არსებობს ბევრი გამოწვევა ეროვნული და სულიერი ფასეულობების დაცვის კუთხით, თუმცა შეუცვლელია ის ზნეობრივი ღირებულებები, რომელთა არსი და მნიშვნელობა დროის გასვლასთან ერთად არ იცვლება. სრულიად საქართველოს პატრიარქმა შიო მესამემ კონფერენციის მონაწილეებს უთხრა, რომ ქრისტიანული მსოფლმხედველობა საზოგადოების არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ კულტურულ და ზნეობრივ სახეს განსაზღვრავს.
საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით - "ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში", პარლამენტის ორგანიზებით გაიმართა.