03 ოქტომბერი 2026,   04:14
ვრცლად
ცრუ ბრალდება, რომელსაც კადრები ამხელს - პენიტენციურმა სამსახურმა, საზოგადოების მაღალ ინტერესს იმ ვიდეო კადრების გასაჯაროებით უპასუხა, სადაც ჩანს თუ როგორ გადაჰყავთ  მსჯავრდებული დავითაძე დეესკალაციის საკანში 

ცრუ ბრალდება, რომელსაც კადრები ამხელს - სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, საზოგადოების მაღალ ინტერეს იმ ვიდეო კადრების გასაჯაროებით უპასუხა, სადაც ჩანს თუ როგორ გადაჰყავთ, მსჯავრდებული გიორგი დავითაძე დეესკალაციის საკანში. მსჯავრდებული ამტკიცებს, რომ სწორედ ამ დროს, მასზე სექსუალური ძალადობა მოხდა. უწყება დავითაძის განცხადებას სიცრუეს უწოდებს და საკუთარ პოზიციას ვიდეო კადრებით ამტკიცებს.

პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ იმასაც, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული შემოწმება-დათვალიერებას, ექვემდებარება რაზეც პატიმარმა კატეგორიული უარი განაცხადა, დაწესებულების თანამშრომლებს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სწორედ ამის შემდეგ, დაწესებულების თანამშრომლებმა, მსჯავრდებულს შემოწმება ელექტრო-დეტექტორის გამოყენებით, იძულებით ჩაუტარეს.

პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, საზოგადოებას მოუწოდებს თავი შეიკავონ ცრუ და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებისგან. გიორგი პატარიძის განცხადებით, დაინტერესებულ მხარეებს, კანონის შესაბამისად მსჯავრდებულის გადაადგილების სრული ვიდეო მასალის გამოთხოვა შეუძლიათ.

საკითხი დეტალურად შეისწავლა სახალხო დამცველის აპარატმაც. ლევან იოსელიანის ინფორმაციით, ომბუდსმენის აპარატმა მსჯავრდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა. ამ დასკვნისა და გასაჯაროებული კადრების მიუხედავად, ოპოზიციას მაინც საკუთარი ვერსიის სჯერა. ამტკიცებენ, რომ ციხეებში ძალადობის ფაქტებს აქვს ადგილი. მათ რიგებშია "ნაციონალური მოძრაობაც", პარტია რომელმაც საპატიმროებში წამება და არაადამიანური მოპყრობა საკუთარ ხელწერად აქცია.

სწორედ დანაშაულებრივ წარსულს ახსენებს "ნაციონალურ მოძრაობას" მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიაში, იმ ფუნდამენტურ განსხვავებებზე საუბრობენ, რომელიც მოქმედ და ყოფილ ხელისუფლებებს შორის არსებობს. იხსენებენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებსაც და აცხადებენ, რომ დღეს ციხეებში არსებული მდგომარეობა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია.

გიორგი დავითაძე, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მსჯავრდებულია. მას ბრალად დება განზრახ მკვლელობის მცდელობა, იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-ტარება. გამოძიების ინფორმაციით, გიორგი დავითაძემ ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, პოლიციელ შალვა ფერაძეს, 8-ჯერ ესროლა და წელის არეში დაჭრა. ქუჩაში მყოფი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას კი საფრთხე შეუქმნა. სასამართლოს ვერდიქტით მას 17 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული. მსჯავრდებული ჯერ №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს, დაუმორჩილებლობისა და არასათანადო ქცევის გამო კი ნომერ მეექვსე პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პატიმარი გახდა.

პატიმრობის პერიოდში მის მიმართ, დისციპლინური სახდელი 9-ჯერ გამოიყენეს.

დღის ამბები