დანომრილ და დაფასოებულ "ალფა-პვპს" 26 წლის კაცი ჯიბეში მალავდა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი სამალავებში დასადებად იყო გამზადებული. ამოღებულია 140 შეკვრა "ალფა-პვპ" და დანაშაულის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.
სოფელი არმაზი, ნარკოტიკების წინააღმდეგ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების ადგილია. "კურიერის" ინფორმაციით, ე.წ. დამდების შესახებ სამართალდამცველებს ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდათ. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და დაკავების ღონისძიებაც დაიგეგმა.
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ნარკოდამნაშავე დასავლეთის მიმართულებით ავტომობილით მიდიოდა. მანქანა შეაჩერეს, მძღოლი გაჩხრიკეს და 140 შეკვრა "ალფა-პვპს" გავრცელების ფაქტი აღკვეთეს. "კურიერის" ინფორმაციით, ნარკოტიკი იმერეთის ერთ-ერთ სოფელში უნდა ჩაეტანა და სამალავებში გადაენაწილებინა.
140 შეკვრა "ალფა-პვპს" საქმეზე დაკავებული ბათუმში ცხოვრობს, საგამოძიებო მოქმედებები მის სახლშიც ჩატარდა.
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ახლა იმის დასადგენად მუშაობენ, იყვნენ თუ არა ნარკოდანაშაულის საქმეში სხვა პირებიც ჩართულები.
140 შეკვრა "ალფა-პვპს" საქმეზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მუხლებით გრძელდება, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.