08 ოქტომბერი 2026,   07:37
ვრცლად
რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი აირი, წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ხელკეტები და ხმოვან-მანათობელი ყუმბარები - საფრანგეთის 40-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო აქციები მესამე კვირაა გრძელდება

რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი აირი, წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ხელკეტები და ხმოვან-მანათობელი ყუმბარები - ეს ის სპეციალური საშუალებებია, რომელსაც საფრანგეთის პოლიცია და ჟანდარმერია ქუჩაში გამოსული მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს. აქციის მონაწილეთა ნაწილი პოლიციის მიმართულებით ქვებს და პიროტექნიკას ისვრის. მოსწავლეები და სტუდენტები კი სასწავლო დაწესებულებების შესასვლელებს სანაგვე ურნებით, ველოსიპედებითა და ლითონის კონსტრუქციებით ბლოკავენ. სამართალდამცველებმა 6 500-მდე პირი დააკავეს, უმეტესობა არასრულწლოვანია.

მიმდინარე ძალადობის შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანება ასობით სამართალდამცველმა, მოსწავლემ და მასწავლებელმა მიიღო. მძიმეა რამდენიმე არასრულწლოვანის მდგომარეობა. ქალაქ ლანსში, 15 წლის ბიჭს, რომელმაც პოლიციის მიერ ნასროლი ყუმბარა აიღო, აფეთქების შედეგად, მტევანი და მკლავის ნაწილი მოწყდა. ტურში 16 წლის მოზარდმა, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიის მოხვედრის გამო, თვალი დაკარგა. სენტ-უან-ლ'ომონში კი პოლიციელმა 14 წლის ბიჭს სახეში, ახლო მანძილიდან, ცრემლსადენი გაზის კაფსულა ესროლა. მოზარდს ყბის მოტეხილობა აქვს.

პარიზი, მარსელი, ლიონი, ლილი და სტრასბურგი - საფრანგეთის 40-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო აქციები მესამე კვირაა, გრძელდება. ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ბოლო 24 საათში, ქუჩაში 266 000-მდე მოქალაქე გამოვიდა, პროფკავშირების ინფორმაციით, რაოდენობა 450 000-ს აჭარბებს. ქვეყანაში მოქმედი 3 700 სკოლიდან 1 000-მდე ამ დროისთვის დახურულია. აქციის მონაწილეები განათლების სისტემის რეფორმას ითხოვენ. პროტესტის ძირითად მიზეზად კი მასწავლებელთა დეფიციტი, გადატვირთული კლასები და სკოლების ავარიული ინფრასტრუქტურა სახელდება.

განათლების სფეროში არსებული პრობლემების გამო, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ბელგიაშიც. ქალაქ ლიეჟში და არლონში მოსწავლეებმა სკოლების შესასვლელების ბლოკირებაც სცადეს, რასაც პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა. აქციის მონაწილეები განათლების პოლიტიკასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფების ზრდას აპროტესტებენ. დემონსტრანტებმა დააზიანეს ინფრასტრუქტურა. სამართალდამცველებმა, მათ დასაშლელად, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. ბოლო მონაცემებით, დაკავებულია 50-ზე მეტი ადამიანი.

დღის ამბები