08 ოქტომბერი 2026,   03:18
ვრცლად
მარტა კოსის განცხადება და ორმაგი სტანდარტი - რატომ უგულებელყოფს ბრიუსელი საქართველოს ოფიციალურ მაჩვენებლებს?

მარტა კოსი ამბობს, რომ საქართველო უკრაინასაც ჩამორჩება და მოლდოვასაც, რომელსაც კანდიდატებს შორის მოწინავეს უწოდებს. ევროკომისარმა მორიგი განცხადება გაფართოების ანგარიშის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

ოფიციალური სტატისტიკა - საერთაშორისო პარამეტრები და ევროკომისიის კვლევები საწინააღმდეგოს ადასტურებს. საქართველო კანდიდატებს შორის ლიდერია რამდენჯერმე უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდით, გაცილებით დაბალი სიღარიბით, მცირე საგარეო დეფიციტით, ბიზნესის თავისუფლებით, კორუფციის აღქმით, სასამართლოს ეფექტიანობით და არამხოლოდ. ქვეყანას უკვე შესრულებული აქვს ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების 80%-ზე მეტი. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს შედეგების შეფასება უკვე ბრიუსელის დამოკიდებულების საკითხია.

საქართველოს საგზაო რუკა ითვალისწინებს ღირსებით სვლას, და არა უსიტყვო მორჩილებას - ასე პასუხობს ევროკომისარს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. ირაკლი კირცხალია სოცქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ბრიუსელი წინსვლას, დამსახურებაზე დაფუძნებული ნაბიჯების ნაცვლად, კონკრეტული პოლიტიკური მოთხოვნების შესრულებით აფასებს, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის, მიუღებელია.

საერთაშორისო რეიტინგების მონაცემებს ვერ უარყოფს ვერც ოპოზიცია, თუმცა ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მაჩვენებლების უგულებელყოფას პოლიტიკური ნებით და განწყობით ხსნიან ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც მარტა კოსის გზავნილებს სრულად იზიარებენ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ევროკავშირის ღირებულებებისადმი მისწრაფება ბრიუსელში ერთადერთი კრიტერიუმით ფასდება - რამდენად ასრულებენ მოთხოვნებს კონკრეტული ქვეყნები. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მორჩილების ტესტი ხელისუფლებამ ვერ ჩააბარა და სწორედ ამიტომ ექცევიან ქვეყანას უსამართლოდ ევრობიუროკრატები, რომლებიც საქართველოზე უპირატესად მიიჩნევენ, ერთის მხრივ, ომში მყოფ ქვეყანას, მეორე მხრივ კი სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხის წინაშე მდგომ სახელმწიფოს.

ერთია ზეპირი განცხადებები, მეორეა ოფიციალური ციფრები. მაშინ, როდესაც ევროკომისარი საქართველოს წინსვლას უწუნებს, ევროკომისიის დაკვეთითვე ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქვეყანა სახელმწიფო ინსტიტუტების ნდობის ინდექსითაც ევროპულ ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციაზეა.

დღის ამბები