დრონის მართვა ერთ-ერთია იმ თანამედროვე პროფესიულ მიმართულებებს შორის, რომლის შესწავლაც უკვე თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებშია შესაძლებელი. სამთვიანი კურსი სიმულაციურ და პრაქტიკულ სწავლებას აერთიანებს და სრულად ფინანსდება.
"ისწავლე და დასაქმდი" - დედაქალაქის მერიის პროგრამას 22 ახალი პროფესიული კურსი დაემატა. მსურველებს უკვე შეუძლიათ, აირჩიონ ვიზაჟის ან ავტომობილის ელექტროსისტემების შემსწავლელი კურსები. გაფართოვდა ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებები.
პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი სიახლე ამოქმედდება. კურსდამთავრებულები სხვადასხვა კომპანიაში რამდენიმეთვიან ანაზღაურებად პრაქტიკას გაივლიან. ცვლილება მათ დამატებითი გამოცდილების შეძენასა და, შემდგომ, დასაქმებაში დაეხმარება.
ამ ეტაპზე, მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 60-ზე მეტი პროფესიული მიმართულებიდან შეუძლიათ. მთავარი აქცენტი შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებზე კეთდება. პროექტი თბილისის 15-ზე მეტ პროფესიულ სასწავლებელს აერთიანებს.
პროგრამა "ისწავლე და დასაქმდი" 2018 წლიდან ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში, უკვე 17 000-ზე მეტი მოქალაქე გადამზადდა. დასაქმების მაჩვენებელი კი 70% აჭარბებს.
მერიის პროექტში მონაწილეობა თბილისში რეგისტრირებულ, 16 წლის ასაკს მიღწეულ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
რეგისტრაცია სპეციალურ ვებგვერდზე 21 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ავტორი: ირაკლი კოშაძე