09 ოქტომბერი 2026,   15:35
ვრცლად
ითხოვენ ე.წ. პოლიტპატიმრების განთავისუფლებას, საკონსტიტუციო სარჩელის გატანას, ისინი ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში - აკაკი ალადაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რიგით მეცხრე რეზოლუცია კვლავ შეფასების საგანია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დოკუმენტის შინაარსი საქართველოს პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებში ჩარევას წარმოადგენს.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების კონტექსტს, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ექსტრემისტულ აქციებში მონაწილე პირების პოლიტპატიმრებად წარმოჩენა ხდება.

რეზოლუციაში კვლავ გაჟღერდა მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პატიმრების გათავისუფლების შესახებ. მმართველი გუნდის განცხადებით, ევროპელი ბიუროკრატების მიერ მიღებული მორიგი დოკუმენტი ექსტრემიზმის წახალისებაა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, აკაკი ალადაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტი საქართველოს არ აღიარებს სუვერენულ სახელმწიფოდ და შიდა საქმეებში ერევა.

"ითხოვენ ე.წ. პოლიტპატიმრების განთავისუფლებას, საკონსტიტუციო სარჩელის გატანას, შესაბამისად, ისინი აშკარად ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში. არ აღიარებენ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს. ტერმინი პოლიტპატიმარი აბსოლუტურად გააუფასურეს. საუბარი არის დამნაშავეებზე, რომლებმაც ოთხ ოქტომბერს ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული", - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

კენჭისყრა სტრასბურგში გუშინ გაიმართა. რეზოლუციის ავტორები არიან ევროპის სახალხო პარტია, რომლის წევრიც "ნაციონალური მოძრაობაა", ასევე სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფი და ევროპული თავისუფალი ალიანსის წარმომადგენლები.

 

დღის ამბები