გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი კოტ-დივუარის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
დელეგაციას კოტ-დივუარში მოქმედი ბუნების დაცვის ფონდის N’Zi Wildlife Conservation Foundation (NWCF) პრეზიდენტი ლუის ნკი დიაკიტე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისა და გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
ნინო თანდილაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება თანამედროვე გამოწვევებთან ეფექტიანი გამკლავების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვისა და განვითარების, მათი მონიტორინგის თანამედროვე სისტემების, ასევე ტყის მდგრადი მართვისა და ტყის რეფორმის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
საუბარი შეეხო ბრაკონიერობისა და ტყის უკანონო ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების, წიაღისეული რესურსების უკანონო მოპოვების პრევენციისა და მონიტორინგის, ბუნებრივი რესურსების მართვაში თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის მონიტორინგისა და ადრეული შეტყობინების სისტემების გამოყენების მიმართულებით თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ N’Zi Wildlife Conservation Foundation (NWCF) - კოტ-დივუარში მოქმედი ბუნების დაცვის ფონდია, რომლის მთავარ საქმიანობას ბიომრავალფეროვნებისა და ველური ბუნების დაცვა, ბუნებრივი ტერიტორიების მონიტორინგი, უკანონო საქმიანობის პრევენცია და ადგილობრივი თემების ჩართულობით მდგრადი გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელება წარმოადგენს. ფონდი დაახლოებით 41 000 ჰექტარის N’Zi ბუნებრივ ნაკრძალს მართავს.
შეხვედრას კოტ-დივუარის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობების წარმომადგენელი ანაბელ ბროუ, კოტ-დივუარის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში კახაბერ საბანაძე, კოტ-დივუარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში მაია მუხიაშვილი და სამინისტროს შესაბამისი უწყების და სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.