11 ოქტომბერი 2026,   11:40
ვრცლად
ტრამპის განცხადებით, უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში პრეზიდენტის შეცვლის დროა. მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკმარისი არ გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა შეეჩერებინა.

"მე მათ [უკრაინელებს] ვთავაზობ, იპოვონ ახალი ლიდერი, რომელსაც შეუძლია გარიგებების დადება, რადგან მას [ზელენსკის] ბევრი გარიგების დადება შეეძლო, მაგრამ რატომღაც ის ამას არასდროს აკეთებს", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

მედიის ცნობით, ტრამპის განცხადებას მიესალმა რუსეთის პრეზიდენტის - ვლადიმერ პუტინის, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში წარმომადგენელი, რომელმაც ტრამპის სიტყვებს "მნიშვნელოვანი და ისტორიული" უწოდა.

"პრეზიდენტი ტრამპი უერთდება იმ მრავალ ადამიანს, ვინც მიიჩნევს, რომ უკრაინას სჭირდება ლიდერობა, რომელიც ნამდვილად ორიენტირებულია მშვიდობაზე და არა ზელენსკის საომარ რიტორიკაზე", - დაწერა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კრემლის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა, სოციალურ ქსელში.

ტრამპის განცხადება მოჰყვა ზელენსკის კრიტიკას, რომელმაც დაგმო ვაშინგტონის შეთანხმება მოსკოვთან რუსული დიზელის შესყიდვის შესახებ. როგორც მედია წერს, ამ ნაბიჯის მიზანია, აშშ-ში შუალედური არჩევნების წინ საწვავზე მაღალი ფასების შემცირება.

მედიის ინფორმაციით, ამ შეთანხმების გამო, უკმაყოფილება ევროპელმა ოფიციალურმა პირებმაც გამოხატეს და აღნიშნეს, რომ ის რუსეთის საომარ მოქმედებებს დააფინანსებს.

დღის ამბები