„თოთხმეტი წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც ქართველმა ხალხმა ქვეყნის განვითარების ახალი გზა აირჩია. ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით შესაძლებელი გახდა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დასრულება. ეს იყო არჩევანი ადამიანის ღირსების, მშვიდობისა და დამოუკიდებელი საქართველოს სასარგებლოდ“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძემ.
მისი თქმით, დღეს, როცა წარსულისა და აწმყოს გათანაბრებას ცდილობენ, უნდა ითქვას რა ხდებოდა ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებამდე და რა მიიღო მოსახლეობამ თოთხმეტი წლისთავზე.
„ეს შედარება ადამიანით უნდა დავიწყოთ. ვერ დავივიწყებთ „ნაცმოძრაობის რეჟიმის“ დროს, ხელისუფლების სახელით გაუბედურებულ ოჯახებს, ძალადობასა და უსამართლობას. ვერც მუდმივ შიშს დავივიწყებთ, როდესაც ყველგან გვისმენდნენ — სახლში, ქუჩაში, თუ მეგობრებთან“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
არჩილ ბერიძის განცხადებით, თოთხმეტი წლისთავზე ქვეყანაში არის გარემო, სადაც ადამიანს შეუძლია თავისუფლად გამოხატოს აზრი, გააკრიტიკოს ხელისუფლება და საკუთარი მომავალი მუდმივი შიშის გარეშე დაგეგმოს.
„ჩვენ გვახსოვს, რა დღეში აგდებდნენ ბიზნესს - ციხეში იძულებით გადაფორმებული ქონებები და დათმობილი წილები. ხელისუფლების ჩარევის გარეშე მცირე ბიზნესის წარმოებაც კი წარმოუდგენელი იყო. დღეს კი ბიზნესი თავისუფალია და განვითარების არნახული შესაძლებლობა აქვს.
გვახსოვს ციხეებში გამეფებული ძალადობა და ოჯახის შიში - დაბრუნდებოდა თუ არა მათი ახლობელი ცოცხალი. ამ ტკივილის დავიწყების უფლება არ გვაქვს. თოთხმეტი წლის განმავლობაში ჩვენი გამორჩეული მონაპოვარი უწყვეტი მშვიდობაა. უკრაინაში ომისა და ჩვენს სამეზობლოში მძიმე მოვლენების ფონზე მისი ფასი განსაკუთრებით ნათელია“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
მისი თქმით, თოთხმეტი წლისთავზე ჩვენი ქვეყანა ძლიერი სახელმწიფო გახდა, რომელსაც აქვს რეალური სუვერენიტეტი - საქართველოს მომავლის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში, ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით.
„სახელმწიფოს გაძლიერების განუყოფელი ნაწილია კორუფციასთან უპრეცედენტო ბრძოლა და კრიმინალის წინააღმდეგ მკაცრი მოქმედება. საკუთარი გუნდის შიგნით გამოვლენილ დანაშაულზეც არ დაგვიხუჭავს თვალი. რაც იმის ნათელი მაგალითია, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - თანამდებობა და პოლიტიკური კუთვნილება პასუხისმგებლობისგან ვერავის გაათავისუფლებს.
ამ წლების განმავლობაში, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პენსიონერებისა და დევნილი ოჯახების მხარდაჭერაა. სწორედ ამის დასტურია, პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, 2027 წლიდან 70 წლამდე პენსიონერების პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება. დევნილ ოჯახებს კი შეეძლებათ, საცხოვრებლის მიღების ნაცვლად, ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარის კომპენსაცია აირჩიონ. სწორედ ეს არის ადამიანებზე ზრუნვის პოლიტიკა, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებში აისახება“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, მისთვის, როგორც პოლიტიკაში ხელოვნებიდან მოსული ადამიანისთვის, კულტურაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია. ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს.
ამავე დროს, თოთხმეტი წლისთავზე მივიღეთ გამოაშკარავებული აგენტურული ქსელი, რომლის წევრებიც უკვე აღარც მალავენ, რომ უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურებიან და დაკვეთებს გარედან იღებენ.
ჩვენი უმთავრესი მიზანი საქართველოს ერთიანობაა - აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მშვიდობიანი დაბრუნება, ნდობის აღდგენა და საერთო მომავლის შენება.
როგორც ქართველს, ხელოვანსა და ჩვენი საზოგადოების წარმომადგენელს, მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ამ ოცნების ასრულებაში“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.