თბილისის სააპელაციო სასამართლოში ოთხი ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების საქმის განხილვა დასრულდა. მურთაზ ზოდელავას, გური ჟვანიას, ირაკლი ჩხვირკვიასა და ლაშა ბერიძის საქმეები ცალკე წარმოებად გამოიყო.
როგორც საქმის პროკურორმა, ვაჟა თოდუამ განაცხადა, ოთხი ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა დანაშაული აღიარეს, მოინანიეს ქმედება და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების დადების თხოვნით მიმართეს. პროკურორის თქმით, მომდევნო პროცესზე მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.
"მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, ირაკლი ჩხვირკვიამ და გური ჟვანიამ აღიარეს დანაშაული, მოინანიეს მათ მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება და მოგვმართეს განცხადებით, საპროცესო შეთანხმების დადების მოთხოვნით.
ბრალდების მხარემ განიხილა აღნიშნული განცხადება და დააკმაყოფილა. დღევანდელ სხდომაზე წარმოვადგინეთ შესაბამისი შუამდგომლობა და ოქმები, მათ მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობებზე.
თითოეული დოკუმენტი ხელმოწერილია მსჯავრდებულების მიერ, აღნიშნული დოკუმენტები წარედგინა სასამართლოს და წარვადგინეთ სასამართლოში მათი მიმართ საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის მიზნით. დაახლოებით ორი კვირის ვადაში ჩაინიშნება სასამართლოს სხდომა, სადაც დამტკიცდება ამ მსჯავრდებულებთან დადებული შეთანხმება," - განაცხადა პროკურორმა, ვაჟა თოდუამ.
პროკურატურასთან შეთანხმებით ამავე საქმეზე დაკავებული 60 პირიდან ნახევარზე მეტმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.