14 ოქტომბერი 2026,   11:58
ვრცლად
რაჭაში რთველი დაიწყო - 14 ოქტომბრის მდგომარეობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გადამუშავებულია 145 ტონა ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენი

რაჭაში რთველი დაიწყო. 14 ოქტომბრის მდგომარეობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გადამუშავებულია 145 ტონა ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენი.

მიმდინარე წელს, რაჭა-ლეჩხუმში, საპროგნოზო მოსავალი 3 ათასი ტონის ფარგლებშია.

რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის.

სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

ადგილწარმოშობის ღვინოების - "ხვანჭკარა" და "რაჭა" ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა.

რთველი 2026-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა.

დღის ამბები