საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რომში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მონაწილეობს. ცოტა ხნის წინ შალვა პაპუაშვილმა სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპიკერებს და პარლამენტის წევრებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომე ვიზიტის ფარგლებში ორმხივ შეხვედრებსაც მართავს.
შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიმართ კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს და აცხადებს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების ლეგიტიმურობას წესების თანაბარი გამოყენება, სამართლიანი პროცედურები და პოლიტიკური მიუკერძოებლობა განსაზღვრავს.
მისი შეფასებით, საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მათ მიმართ ნდობას აზიანებს.
"საერთაშორისო ინსტიტუტები მხოლოდ იმდენადაა ძლიერი, რამდენადაც დიდია მათ მიმართ ნდობა და მათდამი ერთგულება. მათი ავტორიტეტი ლეგიტიმურობას ეფუძნება: რწმენას, რომ წესები ყველას მიმართ თანაბრად ვრცელდება; რომ გადაწყვეტილებები ფაქტებსა და სამართლიან პროცედურებს ეყრდნობა და არა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას; და რომ ამ წესებზე მაღლა არავინ დგას.
როდესაც ლეგიტიმურობა სუსტდება, მის აღდგენას ვერც ერთი ხელშეკრულების ტექსტი ვეღარ შეძლებს. შეშფოთებას იწვევს საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურად მოტივირებული და აღქმებზე დაფუძნებული პოზიციების გასატარებლად გამოყენებისა და მათი იარაღად ქცევის მზარდი პრაქტიკა. როდესაც ზოგიერთი სახელმწიფო და პოლიტიკური ჯგუფი ინსტიტუტებს ვიწროდ განსაზღვრული პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად, ზოგიერთი წევრის ზეწოლის ქვეშ მოსაქცევად და სხვების დასაცავად ან მონიტორინგისა და შეფასების პოლიტიკურ იარაღად ქცევისთვის იყენებს, ამ ინსტიტუტებს თავიანთ მთავარ დანიშნულებას ართმევს. ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი - ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ამის ნათელი მაგალითია. 2024 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ეუთო/ოდირმა (OSCE/ODIHR) არჩევნები დეტალურად შეაფასა და დაასკვნა, რომ ისინი კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და, ზოგადად, ხალხის ნებას გამოხატავდა.
ამის საპირისპიროდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციამ, რომელიც PACE-ის წევრებისგან შედგებოდა, სრულიად განსხვავებული გზა აირჩია. ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) შეფასებისგან განსხვავებით, PACE-მ მოამზადა ანგარიში, რომელმაც არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ დააყენა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის ევროკავშირმა, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არჩევნების შეფასებისას გადამწყვეტი ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) ანგარიში იქნებოდა, ზოგიერთი ევროპული მთავრობისა და პოლიტიკური ჯგუფის მიერ ეს დაპირება არ შესრულდა.
თითქმის ორი წლის შემდეგ გაირკვა, რომ PACE-ის მიერ წაყენებული ყველა ბრალდება და საბაბი მცდარი, დაუსაბუთებელი და ფაქტობრივად ყალბი იყო. მიუხედავად ამისა, PACE უარს ამბობს, აღიაროს მის მიერ განზრახ დაშვებული შეცდომა, ხოლო პროცესი ჩიხში შევიდა.
ამრიგად, ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენი სუვერენიტეტისა და სახალხო დემოკრატიის დასაცავად შევუერთდით, კვლავ განაგრძობს ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების და, შესაბამისად, მისი თავისუფლების დარღვევას. PACE უნდა დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლის იმ საფუძვლებს, რომელთა დასაცავადაც შეიქმნა. მიუღებელია ვითარება, როდესაც დემოკრატია, სუვერენიტეტი, ადამიანის უფლებები და თავისუფლება მხოლოდ ფორმალურ ლოზუნგებად იქცევა. ამ პროცესის საბოლოო შედეგი ნდობის დაკარგვა და ორგანიზაციის არსისგან დაცლაა.
ამრიგად, წესებზე დაფუძნებული წესრიგის აღდგენა იწყება იმ ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების კეთილსინდისიერების აღდგენით, რომლებიც ამ წესრიგს საფუძვლად უდევს. საქართველო ამ ამოცანის ერთგული რჩება", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.