16 ოქტომბერი 2026,   18:02
ვრცლად
ის, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს ითხოვს, ეს ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან - შალვა პაპუაშვილი გვარამიას განცხადებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება, რომელიც პაველ ჰერჩინსკის ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეკვით უკმაყოფილოა, ევროკავშირის ელჩს საყვედურობს და მოუწოდებს, იმ საკითხების მიმართ უფრო ყურადღებით იყოს, რომელიც ევროკავშირის მხრიდან მმართველი გუნდის წევრების მიმართ სანქციების დაწესებას გულისხმობს.

პაპუაშვილის განცხადებით, ნებისმიერი სხვა ქვეყნის პოლიტიკური ნაბიჯი თუ სანქცია საქართველოს წინააღმდეგ წარმოადგენს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ მტრულ აქტს.

"უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის პოლიტიკური აქტი საქართველოს წინააღმდეგ, იქნება ეს სანქცია, ნონ გრატა, არის მტრული აქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ, ის, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს ითხოვს, საქართველოზე თავდასხმას ითხოვს სხვა ქვეყნებიდან, ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ეს განცხადებაც [გვარამიას განცხადება], ვფიქრობ, გამოგვადგება საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორც დასტური, რომ ეს ჯგუფები მოქმედებენ საქართველოს სუვერენიტეტის, ინტერესებისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ. ეს ხალხი გვახსენებს სხვებს ისტორიულად, როდესაც ზოგი ხან კონსტანტინოპოლში მიდიოდა, ზოგი ისპაჰანში, ხან პეტროგრადში, ხან საბჭოთა მოსკოვში იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ ეთხოვათ ჯარის შეკრება და გამოგზავნა, რათა ხელისუფლება შეეცვალათ. ასე იქცეოდნენ ის მოღალატეები საუკუნეების განმავლობაში, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ სხვა ქვეყნების ჯარს და რეაქციას კრებდნენ.

ახლაც ასე იქცევიან, ჩადიან სხვა დედაქალაქებში და უნდათ, რომ ცეცხლი გამოიწვიონ საქართველოზე. მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება რაკეტებით თუ ეს იქნება სანქციები. ეს არის მტრული პოლიტიკური აქტი საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ჩართულია ამაში მოწოდებით, დახმარებით ან სხვა სახით, არის ჩართული საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ჰერჩინსკის ცეკვით უკმაყოფილო ნიკა გვარამია ევროკავშირის ელჩს საყვედურობს. "ახალის" ლიდერი პირდაპირ ეთერში ღიად ამბობს, რომ ცეკვის ნაცვლად ელჩს სანქციებისთვის უნდა მიეხედა და უფრო სწრაფად ემოქმედა. მმართველი გუნდისთვის, გვარამიას განცხადება ოპოზიციის რეალური მიზნების კიდევ ერთი დასტურია. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ოპონენტებს უცხოელ აქტორებთან ერთად საქართველოს დასუსტება და ქვეყანაში არეულობის მოწყობა სურთ.

 

დღის ამბები