ორი დღე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვამდე. 5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე 7 მოსამართლე ოთხშაბათიდან 3 დღის განმავლობაში იმსჯელებს.
კონკრეტული მტკიცებულებებით ჩადის მოსარჩელე მხარე - "ქართული ოცნება" ბათუმში. ოპოზიცია კი, რა სამართლებრივი არგუმენტებით დაიცავს საკუთარ პოზიციას, ამ დროისთვის გაურკვეველია.
უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ წარმოდგენილი ფაქტების გათვალისწინებით, ისინი შეძლებენ საკონსტიტუციო სასამართლოს "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" აკრძალვის აუცილებლობა დაუმტკიცონ.
სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად 9 თვიანი ვადა აქვს.
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი კაპანაძის თქმით, მონაწილეობას მიიღებენ თავად სასამართლო პროცესში, თუმცა ასევე აანონსებენ აქციებს სასამართლო დარბაზის გარეთ.
"ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობას მივიღებთ, თქვენ დაინახავთ თუ რა მტკიცებულებებს წარმოადგენს მხარე, მათ შორის, ცხადია, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, მაგრამ უნდა გითხრათ, პროცესის პარალელურად საკონსტიტუციო სასამართლოსთან, მათ შორის შეიძლება სხვაგანაც იქნება ცხადია აქცია", - აცხადებს გიორგი კაპანაძე.