22 ოქტომბერი 2026,   02:48
ვრცლად
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატი: ჩვენს ქვეყანას არასდროს უნახავს მსგავსი რეპრესიები საკუთარი მომავლისთვის მებრძოლი ბავშვების წინააღმდეგ

მასობრივი საპროტესტო აქციების და არეულობის შემდეგ, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პარიზის, ლიონის, ტულუზისა და მარსელის ცალკეულ უბნებში, ღამის კომენდანტის საათი მოქმედებს.

პრეფექტებს დაევალათ, აკრძალონ ყველა ის შეკრება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხეს შეუქმნის, ხოლო სამთავრობო შენობების დასაცავად, ქალაქებში არმიის დანაყოფებს განათავსებენ. აქციებს თან ახლდა ძალადობა და მაროდიორობა.

ქვეყნის მასშტაბით დაზიანდა და გაიძარცვა დაახლოებით 3 000 სავაჭრო ობიექტი, შეტაკებების შედეგად, დაშავდა ასობით მოსწავლე, სტუდენტი, პედაგოგი, ასევე პოლიციელი და ჟანდარმერი.

პარიზის პოლიციის პრეფექტურა ადასტურებს, რომ აქციების პერიოდში საჯარო სივრცეში ორი მამაკაცი გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე დღეში, სულ 2 500-მდე პირი დააკავეს.

"ჩვენ ამ ძალადობას მკაცრად ვგმობთ. თუმცა, იმასაც ვამბობთ, რომ ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და მომხდარზე პასუხისმგებლობის ნაწილი თქვენს მთავრობას ეკისრება. უკვე რამდენიმე კვირაა, უფროსკლასელების გასაჩუმებლად არაპროპორციულ საპოლიციო ძალებს იყენებთ. ბავშვებს საბრძოლო იარაღი დაუმიზნეთ. დაკავებულია 7 000-ზე მეტი ადამიანი, არასრულწლოვანები კი დასახიჩრებულნი არიან. ჩვენს ქვეყანას არასოდეს უნახავს მსგავსი რეპრესიები საკუთარი მომავლისთვის მებრძოლი ბავშვების წინააღმდეგ", - განაცხადა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატმა ემელინ ბიდმა.

 

დღის ამბები