საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვის დაწყებამდე, ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები კეთდება.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, იურისტების გუნდი სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს, რომელიც საკონსტიტუციო სარჩელის აბსურდულობას ეხება. დათუნაშვილმა აღნიშნა, რომ სარჩელით საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის უფლება ეზღუდება.
"იურისტების შემადგენლობას აქვს გარკვეული შუამდგომლობები, რომელიც ეხება საკონსტიტუციო სარჩელის უშინაარსობას, მის აბსურდულობას, პროცედურულ პრობლემებს. დაველოდოთ ჩვენი პარტიის იურისტებს, რომლებიც ამ განცხადებებს დააყენებენ სასამართლო სხდომაზე. მანამდე, ერთი შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური არჩევანის უფლება ეზღუდება საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს," - აცხადებს თაზო დათუნაშვილი.
სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს და ითხოვს "ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ცვლილებისთვის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და გახარია "საქართველოსთვის" აკრძალვას. სარჩელის ავტორთა განცხადებით, ეს პოლიტიკური გაერთიანებები 2016 წლიდან, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის ლეგიტიმაციას.
კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაც.