საფრანგეთის სენატმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც უცხოურ ჩარევასთან ბრძოლას ისახავს მიზნად.
კანონპროექტი განსახილველად ეროვნულ ასამბლეას გადაეგზავნა. სამი მუხლისგან შემდგარი კანონპროექტი, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო კონტექსტში ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის სასჯელის გასამმაგებას ითვალისწინებს. კერძოდ, დამრღვევს შესაძლოა, 3-დან 6 წლამდე პატიმრობა და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისროს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს დაჩქარებული სამართლებრივი პროცედურის შემოღებას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესებისთვის საზიანო ყალბი ინფორმაციის წაშლის მოთხოვნა.
სენატორი ოლივიე კადიკი აცხადებს, რომ უცხო სახელმწიფოები ცდილობენ, ნდობა შეურყიონ მოქალაქეებს დემოკრატიული სისტემის მიმართ.
"გარკვეული უცხო სახელმწიფოები ცდილობენ, მოქალაქეებს ჩვენი დემოკრატიული სისტემისადმი ნდობა შეურყიონ. ისინი იყენებენ ჩვენს შიდა განხეთქილებებს, ჩრდილს აყენებენ ინსტიტუტებს და თესავენ ეჭვს, რათა დემოკრატია შიგნიდან დაანგრიონ. ზოგჯერ ეროვნული პოლიტიკოსებიც მათ წისქვილზე ასხამენ წყალს, ოპორტუნიზმისა თუ ცინიზმის გამო, ან საკუთარი პოლიტიკური ბანაკის სასარგებლოდ, ბრალდებების გადაუმოწმებლად გავრცელებით, ისინი ხელს უწყობენ იმ ნდობის შესუსტებას, რომელიც ჩვენს დემოკრატიას ასე სჭირდება. ამდენად, ჩვენი პასუხისმგებლობა ორმაგია - ვებრძოლოთ უცხო ოპერაციებს და უარი ვთქვათ მათი გამტარის როლის შესრულებაზე", - აცხადებს ოლივიე კადიკი.