ველური ბუნების ეროვნული სააგენტო სომხეთის დედაქალაქ ერევანში, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში (COP17) მონაწილეობს.
კონფერენციის ფარგლებში სააგენტო წარადგენს პრეზენტაციას საქართველოში სახეობათა აღდგენისა და კონსერვაციის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება კეთილშობილი ირმის, ქურციკის, ნაკადულის კალმახის, კაკბის, გნოლისა და კოლხური ხოხბის აღდგენისა და აღწარმოების პროგრამები, ასევე ნიამორის რეინტროდუქციის პროექტი.
აღნიშნული ღონისძიებები სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2025 წელს დაამტკიცა. გეგმა შესაბამისი სახეობების რეინტროდუქციისა და აღწარმოების ღონისძიებებს ითვალისწინებს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, COP17-ში მონაწილეობა ხელს შეუწყობს სახეობათა აღდგენის მიმართულებით საქართველოს გამოცდილების საერთაშორისო დონეზე გაზიარებას და ამ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.