22 ოქტომბერი 2026,   02:48
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების შუამდგომლობა მოსამართლეების აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა - ანა წითლიძემ შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენებისთვის გაფრთხილება მიიღო

სამი საათია, საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციური პარტიების შუამდგომლობა მოსამართლეების აცილების შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან სხდომაზე გაფრთხილება მიიღო "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ, სასამართლოს მისამართით შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენებისთვის.

"ვითხოვთ სრული შემადგენლობის აცილებას, ამ მოსამართლეების შემადგენლობით, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილები. არ არის არც თავისუფალი და არც სამართლიანი, მიიღონ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე, არამედ არის კრემლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენიტეტის და თავისუფლების წინააღმდეგ," - განაცხადა ანა წითლიძემ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ კი მას შენიშვნა მისცა და გააფრთხილა, რომ სასამართლო ამ ლექსიკით სასაუბრო ადგილი არ არის:

"თუ ასეთი ტიპის შეფასებები გაქვთ, სასამართლო არ არის ის ადგილი, სადაც ამ ფორმით და ასეთი ლექსიკით ვისაუბრებთ. თუ მხარე ამას მუდმივად გააგრძელებს, მაშინ მე მივიღებ შესაბამის ზომებს. ისაუბრეთ იმ ლექსიკით, რაც შეესაბამება სასამართლოდ და განსაკუთრებით, საკონსტიტუციო სასამართლოს," - აღნიშნა რევაზ ნადარაიამ.

გაფრთხილების მიუხედავად კი, ანა წითლიძემ გამოიყენა ტერმინი - "სასამართლო კლანი" და განაცხადა: "როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, წარმოადგენთ სასამართლო კლანს, შესაბამისად, თქვენ ვერ იქნებით ვერც თავისუფალი და ვერც სამართლიანი ამ გადაწყვეტილების მიღებაში".

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ შეურაცხმყოფელს ეპითეტების გამოყენებას სასამართლო არ მიიღებს:

"კლანი და მსგავსი ტერმინები, ასეთ შეურაცხმყოფელს ეპითეტები, გნებავთ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ, ან ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუციის მიმართ - ამას სასამართლო არ მიიღებს. მაშინ მომიწევს დაგატოვებინოთ დარბაზი. თქვენ ბრძანდებით წარმომადგენელი და უნდა წარმოადგინოთ თქვენი პოზიცია სამართლებრივი დასაბუთებით," - მიმართა ანა წითლიძეს რევაზ ნადარაიამ.

დღის ამბები