22 ოქტომბერი 2026,   03:30
ვრცლად
დავით უტიაშვილი: ციფრული ლარის საპილოტე პროგრამა ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს, შეისწავლოს ციფრული ვალუტის დანერგვასთან დაკავშირებული სარგებელი

საქართველოს ეროვნულ ბანკს ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭა. როგორც ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი განმარტავს, ამ ეტაპზე ციფრული ლარის სრულმასშტაბიანი გამოშვება არ განიხილება, თუმცა დაგეგმილია საპილოტე პროგრამების განხორციელება, რომელთა მიზანი ტექნოლოგიის პოტენციური სარგებლის, ხარჯებისა და რისკების შეფასებაა.

დავით უტიაშვილის განცხადებით, ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების კვლევა და საპილოტე პროექტების განხორციელება საერთაშორისო პრაქტიკის ნაწილია. ფინანსურ სექტორში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებულ ციფრულ ფულს შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს ციფრულ ფინანსურ ეკოსისტემაში.

"ზოგადად ვხედავთ, რომ ფინანსურ სექტორში ციფრული ტექნოლოგიები ვითარდება, ციფრული ვალუტები უკვე არსებობს. მათ შორის, საქართველოში ჩვენი თანამოქალაქეები იყენებენ ისეთ ვალუტებს, როგორიცაა USDT და USDC, რომლებიც ძირითადად უცხოურ ვალუტაზეა მიბმული და გამოიყენება საბირჟო ტრანზაქციებსა და საერთაშორისო გადარიცხვებში. თუმცა, ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ფულს დამატებითი სარგებლის მოტანა შეუძლია, რადგან ის შეიძლება უფრო სტაბილური და მიმზიდველი იყოს", – განაცხადა დავით უტიაშვილმა.

მისივე განმარტებით, საპილოტე პროგრამები ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს, შეისწავლოს ციფრული ვალუტის დანერგვასთან დაკავშირებული პოტენციური სარგებელი, მოსალოდნელი ხარჯები, რისკები და ტექნოლოგიური გამოწვევები, ასევე შეაფასოს მათი შემცირების შესაძლებლობები.

"ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე, ცხადია, არ განიხილავს ასეთი ვალუტის სრულყოფილი ფორმით გამოშვებას, თუმცა იგეგმება საპილოტე პროგრამების განხორციელება, რათა შევისწავლოთ სარგებელი, ვნახოთ მოსალოდნელი ხარჯები, რისკები და ტექნოლოგიური გამოწვევები და შევაფასოთ, როგორ შეგვიძლია ამ რისკების შერბილება. სწორედ ამ სამუშაოების განხორციელების მიზნით მიენიჭა საქართველოს ეროვნულ ბანკს შესაბამისი უფლებამოსილება", – აღნიშნა დავით უტიაშვილმა.

დღის ამბები