24 ოქტომბერი 2026,   13:32
ვრცლად
"დღეს დასრულდება შუამდგომლობების წარდგენის ეტაპი და, სავარაუდოდ, უკვე დავიწყებთ ახსნა-განმარტების ეტაპს" - გიორგი სიორიძე

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა რამდენიმე წუთის წინ განახლდა. სხდომები მომავალ კვირაშიც ჩაინიშნა. უკვე გამართული ორი პროცესი კი თითქმის სრულად ოპოზიციის შუამდგომლობებს დაეთმო. მათგან მოსამართლეთა პლენუმმა არცერთი არ დააკმაყოფილა.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ შუამდგომლობების წარდგენის ეტაპის დასრულების შემდეგ პროცესი, სავარაუდოდ, ახსნა-განმარტებების მოსმენით გაგრძელდება. 

"დღეს დასრულდება შუამდგომლობების წარდგენის ეტაპი და, სავარაუდოდ, დავიწყებთ უკვე ახსნა-განმარტების ეტაპს. ორი დღე ვითხოვდით, გაგვერკვია, თითოეული პარტია, თუ რომელს რა ეპიზოდი მიემართებოდა იმ ერთიანი ხელოვნური და აბსურდული სარჩელით, თუმცა ორი დღის განმავლობაში ვერც მოსამართლეებმა და ვერც მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლეს ჩვენთვის ამის ვერც ახსნა და ის შუამდგომლობებიც, რომელიც ამის საშუალებას მოგვცემდა, არ იქნა დაკმაყოფილებული", - აცხადებს პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი სიორიძე.

მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებისთვის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და გახარია "საქართველოსთვის" აკრძალვას ითხოვს და მათ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებზე საუბრობს.

დღის ამბები