თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს VIII მოწვევის უმრავლესობის წევრმა გიორგი ხუროძემ 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა ანგარიშის წარდგენისას გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა და საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციაში საკუთარი აქტივობა დაწვრილებით მიმოიხილა.
მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში ჩატარდა საკრებულოს 18 და ბიუროს 20 სხდომა, რომლებზეც 95 დადგენილება და 714 განკარგულება მიიღეს.
როგორც გიორგი ხუროძემ აღნიშნა, მისთვის, როგორც თბილისის საკრებულოს წევრისთვის, საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების, დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისა და მოქალაქეთა ინტერესების დაცვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმს.
ამდენად, საანგარიშო პერიოდში საკრებულოს წევრი აქტიურად მონაწილეობდა საკრებულოს სხდომების მუშაობაში, სადაც განიხილებოდა დედაქალაქის განვითარების, მუნიციპალური პოლიტიკის, ქალაქის მართვისა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები.
თავის გამოსვლაში ხუროძემ ფრაქციაში მუშაობის თაობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ფრაქციის 23 სხდომა, სადაც 43 საკითხი განიხილეს.
ფრაქციის სხდომებზე, ძირითადად, ყურადღება თბილისის განვითარების მთავარ მიმართულებებზე, მათ შორის ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების, სატრანსპორტო პოლიტიკის, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, სოციალური და ეკონომიკური საკითხებზე გამახვილდა.
რაც შეეხება გარემოს დაცვის კომისიას, გიორგი ხუროძის საქმიანობა დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან ეკოლოგიურ და გარემოსდაცვით საკითხებზე მსჯელობას მოიცავდა. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია რეკრეაციული სივრცეების განვითარება და არსებული მწვანე ზონების შენარჩუნება, ასევე, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება.
გიორგი ხუროძის, როგორც სარევიზიო კომისიის წევრის მუშაობა კი მუნიციპალიტეტის საქმიანობის ფინანსური და ადმინისტრაციული კონტროლის საკითხებს, საბიუჯეტო რესურსების მიზნობრივი და ეფექტიანი გამოყენების შეფასებასა და შესაბამისი პროცესების შესწავლას უკავშირდება.
საკრებულოს წევრმა ასევე საერთაშორისო პლატფორმებში ადგილობრივი თვითმმართველობის გამოცდილების გაზიარების, თანამედროვე მიდგომების გაცნობისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
ამასთანავე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, მან ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) დელეგაციის წევრის რანგში მონაწილეობა მიიღო ესპანეთში, ბარსელონაში გამართულ გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მსოფლიო ორგანიზაციის (UCLG) ყოველწლიურ ფორუმში.
"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დაწყებული საქმიანობა გაგრძელდეს თანმიმდევრულად, შედეგებზე ორიენტირებული მიდგომით, რათა მიღებული გადაწყვეტილებები მაქსიმალურად პასუხობდეს თბილისის საჭიროებებსა და მოსახლეობის ინტერესებს", - განაცხადა დასასრულს გიორგი ხუროძემ.
ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრები, საკითხით დაინტერესებული პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.