საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, კულტურასა და სამზარეულოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა ჯგუფი გაეცნო. 9 ამერიკელ ტუროპერატორს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა.
თბილისის ტურისტული ადგილების მონახულების გარდა, ამერიკელი ტუროპერატორები კახეთში იმყოფებოდნენ და მონაწილეობა მიიღეს რთველში. დაათვალიერეს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და ქვევრის დამზადების მასტერკლასს დაესწრნენ.
როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე აცხადებს, აღნიშნული ვიზიტი ემსახურება როგორც საქართველოს ცნობადობის ამაღლებას, მეორეს მხრივ, ხელს უწყობს ბიზნესის დაკავშირებადობას, რომ ამერიკელი მოგზაურებისთვის საქართველო ხელმისაწვდომი გახდეს.
"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია და წლის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიებას ახორციელებს, მათ შორის, ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით, აღნიშნული ვიზიტი ემსახურება როგორც საქართველოს ცნობადობის ამაღლებას, მეორეს მხრივ ხელს უწყობს ბიზნესის ბიზნესთან დაკავშირებადობას, იმისთვის, რომ ამერიკელი მოგზაურებისთვის საქართველო ხელმისაწვდომი გახდეს", - აცხადებს მაია ომიაძე.