ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პროექტი - "ფინანსური განათლების ავტობუსი" წარადგინა.
ინიციატივის ფარგლებში, "ფინედუს" ავტობუსი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებს მოემსახურება და მოსწავლეებს ფინანსური განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
პროექტის განსახორციელებლად ეროვნულ ბანკს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პროექტის პრეზენტაცია დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა, სადაც ეროვნულმა ბანკმა რეგიონებში ფინანსური განათლების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგებიც შეაჯამა.