ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა, შეაჩეროს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეერთებული შტატების მოთხოვნით, თუ ვაშინგტონი მათ Patriot-ის სისტემისთვის რაკეტებს მიაწვდის, რომლებიც საჭიროა რუსული საჰაერო თავდასხმების მოსაგერიებლად.
უკრაინული მედიის ცნობით, მან ეს განცხადება ამერიკულ ტელეარხ Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხა, თუ რატომ განაახლა უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნების საპირისპიროდ. ზელენსკიმ ამერიკელებთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ უკრაინამ რუსეთის მასშტაბურ თავდასხმებს უნდა უპასუხოს.
"რამდენიმე საუბარი გვქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და მის გუნდთან ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებთან დაკავშირებით და ჩვენ ვუთხარით: ჩვენ არ შეგვიძლია რეაგირება არ მოვახდინოთ მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხმება ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს, მას შემდეგ, რაც რუსეთი კლავს ჩვენს ხალხს, თავს ესმის ჩვენს ელექტროქსელს, გაზსადენებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს - ყველაფერს", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ განმარტა, რომ მან ტრამპს შესთავაზა ორი ვარიანტი ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შესაჩერებლად: უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე რუსეთის თავდასხმების შეჩერება ან რაკეტების გადაცემა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის.
"ჩვენ ვთქვით: თუ გსურთ, რომ ჩვენ არ დავარტყათ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, მათ არ უნდა შეუტიონ ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას. კიდევ ერთი ვარიანტია: მოგვაწოდოთ Patriot-ის სისტემის რაკეტები და ჩვენ მოვნახავთ ფულს, არა მხოლოდ დახმარების სახით. დიახ, უბრალოდ მოგვაწოდეთ ისინი და ჩვენ გადავიხდით მის საფასურს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ დასძინა, რომ აშშ-ს მინიმუმ ერთი თვის სამყოფი რაკეტების მარაგი სთხოვა.
"ერთი თვის განმავლობაში - თუ გსურთ, რომ ჩვენ არ შევუტიოთ მათ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, მაშინ მომეცით Patriot-ის ტიპის რაკეტების ერთი თვის მარაგი", - განაცხადა ზელენსკიმ.