03 ნოემბერი 2026,   16:40
ვრცლად
სახელმწიფო ლმობიერი იქნება მათ მიმართ, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას და იტყვის, რომ საკუთარ ქვეყანას, უცხო ქვეყნის წარმომადგენლის წაქეზებით, ასეთ ზიანს აღარასოდეს მიაყენებს - შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების საპროცესო შეთანხმებაზე

ვინც აღიარებს თავის დანაშაულს ქვეყნის წინაშე, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას, რომ საკუთარ ქვეყანას უცხო ქვეყნის წარმომადგენლის წაქეზებით ასეთ ზიანს აღარასოდეს მიაყენებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება ლმობიერი და ჰუმანური ასეთი ადამიანების მიმართ, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

შალვა პაპუაშვილმა მოუწოდა მოქალაქეებს, არ დაუჯერონ არცერთი ქვეყნის ელჩს, არცერთი ქვეყნის პოლიტიკოსს, რადგან ისინი იტყუებიან და ერთადერთი, ვინც მათ მხარეს დადგება, ეს იქნება საქართველოს ხელისუფლება.

"ორგანიზატორები კიდევ ცალკე საქმეა - მათი დანაშაული ქვეყნის წინაშე კიდევ სხვა არის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზატორებიც ახლა ლაჩრულად გამოდიან ციხიდან და მიატოვეს ხალხი ციხეში - აი, ისინი, ვინც ძალადობაზე დაიყოლიეს და დღეს სასჯელს იხდიან... ერთი რამ მინდა მე ყველას ვუთხრა, რომ ნუ ენდობიან უცხო ძალებს, ნუ ენდობიან უცხო პოლიტიკოსებს, უცხო დიპლომატებს, უცხო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ნუ ენდობიან რატომ, ხომ ნახეს?

წააქეზეს ეს ძალადობა - 4 ოქტომბრის დაანონსებულ ძალადობას მიესალმა ევროკომისიის პრესსპიკერი. დღემდე, ბოდიში არ მოუხდია არცერთს ევროკომისიიდან, წააქეზეს ამ დანაშაულზე და მიატოვეს შემდეგ ციხეში მრავალწლიანი სასჯელისთვის. საბოლოო ჯამში, ბოლოს ისევ საქართველოს სახელმწიფო იქნება, ვინც მათ მხარეს იქნება და სწორედ საპროცესო შეთანხმების თხოვნებზე, რომელიც მათგან მიდის პროკურატურაში, პროკურატურა თანხმდება. ეს არის სწორედ საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება, რომ ჩვენ მათ არ ვექცევით ისე, როგორც მათი უცხოელი წამქეზებლები მოექცნენ, ბარიკადებზე აიყვანეს და შემდეგ ჩატოვეს ციხეში. ჩვენ მათ ვექცევით, როგორც ჩვენი ქვეყნის შვილებს, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენი სადარდებელია, როდესაც ადამიანს უწევს ციხეში სასჯელის მოხდა. ასე რომ, ვინც აღიარებს თავის დანაშაულს ქვეყნის წინაშე, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას, რომ საკუთარ ქვეყანას უცხო ქვეყნის წარმომადგენლის წაქეზებით ასეთ ზიანს აღარასოდეს მიაყენებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება ლმობიერი და ჰუმანური ასეთი ადამიანების მიმართ.

ამიტომ, კიდევ ერთხელ: ისინი, ვინც დღეს შეიძლება კიდევ არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ძალადობის გამო, ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის გამო, ნუ ენდობით ნურცერთი ქვეყნის ელჩს, ყველა მოგატყუებთ, ნუ ენდობით ნურცერთი უცხოური ქვეყნის პოლიტიკოსს, ყველა მოგატყუებთ. ერთადერთი, ვინც თქვენ მხარეს დადგება, ეს არის საქართველოს სახელმწიფო და დღემდე ეს დასტურდება ყოველ ჯერზე. უცხოელები ლაჩრულად მიგატოვებენ ციხეში, საქართველო და საქართველოს ხელისუფლება თქვენ მხარეს იქნება და ჰუმანური იქნება ყველას მიმართ, ვინც ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები