4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს - ზურაბ ჭავჭანიძეს და ანტონ ვარდანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მათ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. ორივე მათგანი ციხეს ორი კვირის ვადაში დატოვებს.
ნანა სანდერსთან კი საპროცესო შეთანხმება სააპელაციო სასამართლომ გუშინ დაამტკიცა. ის 6 ნოემბერს გათავისუფლდება.
ჭავჭანიძის ადვოკატის, ნინო ლომინაძის განცხადებით, ბრალის აღიარების შემდეგ, პროკურატურამ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 1 წლითა და 1 თვით რეალური სასჯელის მოხდა განუსაზღვრა, რაც მას უკვე მოხდილად ჩაეთვლება და ციხეს კვირის ბოლოს დატოვებს.
"ზურაბ ჭავჭანიძემ, მოცემულ შემთხვევაში, აღიარა ბრალი და, შესაბამისად, ამის საფუძველზე, პროკურატურამ გაუფორმა უკვე შეთანხმება. წელიწადი და ერთი თვე რეალური სასჯელის მოხდით, რაც ზურაბ ჭავჭანიძეს ჩაეთვლება ის წინა პერიოდი, რაც იჯდა ციხეში უკვე მოხდილად და შესაბამისად, ის უკვე კვირის ბოლოს დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას", - აცხადებს ადვოკატი.
ბრალად წარდგენილი ქმედება აღიარა ანტონ ვარდანიძემაც და ის პენიტენციურ დაწესებულებას 16 ნოემბერს დატოვებს.
"საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, პენიტენციურ დაწესებულებას დატოვებს 16 ნოემბერს. აღიარებს მის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას, ინანიებს" - აცხადებს ანტონ ვარდანიძის ადვოკატი, ვიქტორია ბუცხრიკიძე.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი, თამარ იაკობიძე აცხადებს, რომ მსჯავრდებულებს, რომლებსაც გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება, ნებაყოფლობით მომართეს პროკურატურას, სადაც მიუთითეს, რომ აღიარებდნენ ბრალად წარდგენილ ქმედებას.
"მსჯავრდებულებმა, რომლებსაც გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება, ნებაყოფლობით მომართეს პროკურატურას, სადაც მიუთითეს, რომ აღიარებდნენ ბრალად წარდგენილ ქმედებას. მათ მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატებოდა როგორც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში, ისე სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობაში. მათ აღნიშნული დანაშაული აღიარეს. ასევე, მოგეხსენებათ, რომ დაცვის მხარეს გასაჩივრებული ჰქონდა განაჩენი ექვს მსჯავრდებულთან მიმართებით და ითხოვდნენ გამართლებას. ბრალდების მხარემ, რა თქმა უნდა, წარადგინა შესაბამისი პოზიციები შესავალი და დასკვნითი სიტყვის ფორმატით და სასამართლომ განიხილა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ექვს მსჯავრდებულთან მიმართებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში ძალაში დარჩა", - აცხადებს პროკურორი.