05 ნოემბერი 2026,   01:42
ვრცლად
"ახლა უკვე საკონსტიტუციო სასამართლო ჩაგვინაცვლა კაია კალასმა და იმან უნდა გადაწყვიტოს, რა არის ჩვენთან კონსტიტუციური და რა არაკონსტიტუციური" - შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე

"ხომ ხედავთ, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე, ახლა უკვე საკონსტიტუციო სასამართლო ჩაგვინაცვლა კაია კალასმა და იმან უნდა გადაწყვიტოს, რა არის ჩვენთან კონსტიტუციური და რა არის არაკონსტიტუციური", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის ანგარიშს.

2026 წლის ანგარიშში ბრიუსელი ამტკიცებს, თითქოს მთავრობის გადაწყვეტილება, 2028 წლამდე მოლაპარაკებების საკითხი ცალმხრივად დღის წესრიგში აღარ დააყენოს, ქვეყნის კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მსგავსი განცხადება არის ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შეურაცხყოფა. 

"ეს წინადადება არის აბსოლუტური სითავხედე და ამ თავხედობაზე, იმედია, რაიმე კომენტარს გააკეთებს პაველ ჰერჩინსკი, როგორ ბედავს საერთოდ, რომ ერთი ორგანიზაცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს როლი შეითავსოს და საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვიტოს, რა არის კონსტიტუციური და რა არ არის. რაში ერკვევიან? კონსტიტუციაში ერკვევიან, საქართველოს კონსტიტუცია მათი მიღებულია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არიან თუ ვინ არიან, რომ საკუთარ თავს ამის უფლებას აძლევენ?

კიდევ ერთხელ, დღევანდელ ბრიფინგზე ერთადერთი რამე აინტერესებს ქართველ ხალხს, ბატონი ჰერჩინსკი გამოვა მთავარმმართებლის პოზიციიდან და დაიწყებს ჭკუის სწავლებას ქართველი ხალხისა, თუ ერთხელ და სამუდამოდ გაემიჯნება ძალადობას, გაემიჯნება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას და ამ საკითხებს ახსნის, თუ რას ნიშნავს ეს, რომ აქ გვინაცვლებენ საკონსტიტუციო სასამართლოს და თავად გვეუბნებიან, რა არის კონსტიტუციური და რა არ არის და როგორ უბედავენ ქართველ ხალხს, რომ უთხრან, რომ უცხოელებმა უნდა დაუნიშნონ მოსამართლეები. კიდევ ერთხელ, ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სუვერენიტეტის. რამე სხვა კი არ არის, ეს არის ჩვეულებრივად ჩვენი დამოუკიდებლობის შეურაცხყოფა, ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის მოძრაობის შეურაცხყოფა, ეს არის 9 აპრილის მსხვერპლების შეურაცხყოფა, როდესაც უცხოელი მოდის და გეუბნება, რომ მან უნდა დაგინიშნოს მოსამართლეები. ეს არის ზუსტად ვასალური დამოკიდებულება სხვა ქვეყნების მიმართ", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები