4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები მურთაზ ზოდელევა და ლაშა ბერიძე თავისუფლები არიან. მათ ციხე დღეს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვეს. მსჯავრდებულებმა დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. საპროცესო შეთანხმებით რამდენიმე დღეში გათავისუფლდებიან ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ზურაბ ჭავჭანიძე, ანტონ ვარდანიძე და ნანა სანდერი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა ხელისუფლების დამხობის მცდელობას, რასაც, მისი შეფასებით, დაკავებულთა მიერ დანაშაულის აღიარებაც ადასტურებს.
"რეალურად, 4 ოქტომბრის პროცესები საჯაროდაც საზოგადოებამ დაინახა, რომ იყო მცდელობა დამხობის. მართალია არ ჰქონდათ ამის რესურსი, მაგრამ მცდელობა იყო რეალურად და ამიტომ აღმოჩნდა ეს ხალხი საპყრობილეში და ახლა, რადგანაც აღიარებითი ჩვენება არის, ეს ნიშნავს იმას, რომ ე.ი. იყო ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ჩადენილი 4 ოქტომბერს და ამიტომაც აღიარეს და ამიტომაც გამოვიდნენ გარეთ. ეს არის რეალობა", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი.
ავტორი: ნანა გოგატაძე