05 ნოემბერი 2026,   12:13
ვრცლად
რატი იონათამიშვილი პაველ ჰერჩინსკიზე: ვხედავთ, რომ ისევ აქეზებენ ძალადობას და ცდილობენ, რომ ძალადობა დააკანონონ საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვათ

თბილისი ევროკავშირის ელჩისგან ამ დრომდე პასუხების მოლოდინშია - ვის გულისხმობს ბრიუსელი თვითნებურად დაკავებულებში და ვის გათავისუფლებას ითხოვს, მაშინ, როდესაც დღემდე არ დაუგმია 4 ოქტომბრის ძალადობა.

საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის ცალმხრივად მომზადებულ ანგარიშზე განმარტებებს პაველ ჰერჩინსკისგან ითხოვს, რომელმაც ამ კითხვებს არც ბრიფინგზე უპასუხა.

მმართველი გუნდის განცხადებით, დუმილი კიდევ ერთი დასტურია, რომ ძალადობრივი მოვლენები ქვეყნის გარედან იგეგმებოდა. თბილისში აქცენტი კეთდება ორმაგ სტანდარტზეც, რატომ ფასდება საქართველოში ჩადენილ დანაშაულზე სამართლებრივი რეაგირება დემოკრატიიდან გადახვევად, მაშინ როდესაც ანალოგიურ ფაქტებს საფრანგეთში მძიმე კვალიფიკაცია ენიჭება.

"ჩვენ გვახსოვს, რომ ეს ადამიანი უჭერდა მხარს იმ დამნაშავეებს, იმ მოძალადეებს, რომლებიც "მოლოტოვის კოქტეილებს" ისროდნენ და ძალადობდნენ აქციებზე. ისიც კარგად გვახსოვს, რომ მათ გამო კამპანიებსაც აწარმოებდნენ და აფინანსებდნენ. რა თქმა უნდა, ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მდგომარეობა მისთვის ჩვეულია. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ისევ აქეზებენ ძალადობას და ისევ ცდილობენ, რომ ძალადობა დააკანონონ საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვათ.

კიდევ უფრო სამწუხაროა, ამისი კადრება იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ ძალადობის გაზრდილ მასშტაბებს თვითონ ევროპულ ქალაქებში. სამწუხაროდ, მათ ვერ გამოაქვთ სწორი დასკვნები და, როგორც ჩანს, ეს კრიზისი, რაც არსებობს ევროპაში, კიდევ უფრო გამწვავდება," - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები