პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშს გამოეხმაურა, რომელიც სასამართლო სისტემის სათავეში მყოფი პირების უცხოელი ექსპერტების გადამწყვეტი მონაწილეობით შემოწმებას ითხოვს. პაპუაშვილის განცხადებით, ეს მოთხოვნა კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და სუვერენიტეტს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართველი ხალხი საბჭოთა კავშირიდან სისხლითა და ბრძოლით სწორედ იმისთვის არ გამოსულა, რომ დღეს რომელიმე ბიუროკრატმა ბრიუსელიდან ქვეყანას დამოუკიდებლობა შეუზღუდოს და მოსამართლეები დაუნიშნოს.
"მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, მოსახლეობამ კიდევ ერთხელ ზუსტად რომ გაიგოს, რა არის მოთხოვნა ბრიუსელის. ეს არის, რომ საქართველოში მოსამართლეები დაინიშნონ უცხოელების გადამწყვეტი სიტყვით. პირველი - ეს ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას. მეორე - ეს ეწინააღმდეგება საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას. ჩვენ იმისთვის არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის და საბჭოთა კავშირიდან, სხვა რესპუბლიკებისგან განსხვავებით, ჩვენ იმიტომ არ გამოვედით სისხლით და ბრძოლით, რომ ახლა რომელიღაცა ბიუროკრატმა ბრიუსელიდან დამოუკიდებლობა შეგვიზღუდოს.
ამიტომ, მინდა ერთხელ და ხაზგასმით ვთქვა, ეს არაერთხელ მითქვამს ჰერჩინსკისთვისაც და ბევრისთვის ბრიუსელიდან, თუ ვერ გაიგეს ინგლისურად, ქართულს კი სწავლობენ ნელ-ნელა და ქართულად იქნებ გაიგონ. მანამ, სანამ პირადად მე ვარ პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარე, არ დავუშვებ, რომ საქართველოში დაირღვეს კონსტიტუცია და მოსამართლეები დანიშნოს უცხოელმა, წერტილი.
გავიგეთ, რომ უნდათ კონტროლის მოპოვება სასამართლოზე და თავად უნდა დანიშნონ. ვიცით მათი გემოვნება რაც არის, გადახედეთ მათ დაქირავებული NGO-ების ე.წ. ანგარიშებს და დასკვნებს სხვადასხვა საქმეებზე და მიხვდებით მათი გემოვნება რაც არის. ჰერჩინსკის გემოვნება არის "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ხელმძღვანელი ეკა გიგაური, რომელიც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს ეძახის "ღობის საქმეს." აი, ეს არის ჰერჩინსკის გემოვნება, როგორც მას ესმის მართლმსაჯულება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს დამოუკიდებლობას არ დავთმობთ. ეს მინდა ერთხელ და სამუდამოდ,ლ კარგად გაიგოს ბატონმა ჰერჩინსკიმ.
არ მოსწონს, გავიგეთ, გასაგებია, მაგრამ რატომ ჩხუბობს ამასთან დაკავშირებით, ეს არის გაუგებარი. გასაგებია, მათ უნდათ, რომ მათ დაგვინიშნონ მოსამართლეები, შეგვიზღუდონ დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ჩაერიონ ჩვენს მართლმსაჯულებაში. ჩვენ ვეუბნებით, არ მივცემთ მათ ამის საშუალებას. არ მოსწონთ, გავიგეთ, დაისვენონ თვითონაც და დაგვასვენონ ჩვენც," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სასამართლო სისტემის სათავეში მყოფი პირების შემოწმება უცხოელი ექსპერტების გადამწყვეტი მონაწილეობით - ეს ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშის ერთ-ერთი მოთხოვნაა.
ბრიუსელი საქართველოს მოუწოდებს, შექმნას კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების მექანიზმი, სადაც უცხოელებს ექნებათ არა უბრალოდ დამკვირვებლის, არამედ გადამწყვეტი ხმის უფლება, თუ ვინ უხელმძღვანელებს ქვეყნის სასამართლო ხელისუფლებას.