სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს.
"რუსთავი 2-ის" კითხვის პასუხად, პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია მსჯავრდებული ღარიბაშვილი) დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს აქვს წელიწადში ორი ხანგრძლივი და თვეში ერთი ხანმოკლე პაემნის გამოყენების უფლება და ეს ლიმიტები მას სრულად აქვს ათვისებული.
რაც შეეხება წახალისების ფორმით თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის დამატებითი პაემნის დანიშვნას - სამსახური განმარტავს, რომ, პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, ეს ხდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, თუმცა ეს არის წახალისების ერთ-ერთი ფორმა და არა დირექტორის ვალდებულება.
"რუსთავი 2-ს" პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, რომ ამ ფორმით დანიშნული პაემნით ირაკლი ღარიბაშვილს არაერთხელ უსარგებლია და დაცვის მხარის განცხადებები რაიმე სახის შეზღუდვაზე სრულიად უსაფუძვლოა.
უწყების ცნობით, აღნიშნულ საკითხზე განმარტების გაკეთება რამდენიმე თვის წინაც მოუწიათ, როდესაც მსჯავრდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ დანიშნული პაემანი გაუქმდა. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მაშინაც და ახლაც, მსჯავრდებულისთვის დამატებითი პაემანი არ ყოფილა ჩანიშნული, შესაბამისად, მისი გაუქმებაც ვერ მოხდებოდა.