15 ნოემბერი 2026,   14:19
ვრცლად
ევროკავშირი ღაზის სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს და ისრაელს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება

ევროკავშირი ღაზის სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს და ისრაელს მოუწოდებს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარებისა და ადრეული აღდგენისთვის საჭირო მხარდაჭერის შეუფერხებელი მიწოდება.

ევროკავშირის განცხადების თანახმად, ისრაელმა ხელი უნდა შეუწყოს გაეროსა და მისი სააგენტოების, ასევე ჰუმანიტარული ორგანიზაციების, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და შეასრულოს საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ყველა ვალდებულება.

"ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ღაზაში არსებული ხანგრძლივი და მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის გამო. ღაზას თავს დამტყდარმა ძლიერმა წყალდიდობამ და ზამთრის მკაცრმა პირობებმა კიდევ უფრო გააუარესა ისედაც გამოფიტული მოსახლეობის ცხოვრების პირობები, გაამწვავა უსაფრთხოების პრობლემები და ადამიანთა ტანჯვა.

ევროკავშირი ხაზს უსვამს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, განუხრელი დაცვის აუცილებლობას. ეს გულისხმობს მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, ასევე სამედიცინო პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულებების დაცვას. ნასერის საავადმყოფოზე განხორციელებული ბოლო საჰაერო დარტყმა განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს.

ღაზის კონფლიქტის დასრულების ყოვლისმომცველი გეგმით გათვალისწინებული ჰუმანიტარული დახმარების ვალდებულებები, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად სრულად უნდა შესრულდეს.

ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარებისა და ადრეული აღდგენისთვის საჭირო მხარდაჭერის შეუფერხებელი, ფართომასშტაბიანი, უწყვეტი მიწოდება, ასევე გახსნას ღაზის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.

ისრაელმა ხელი უნდა შეუწყოს გაეროსა და მისი სააგენტოების, ასევე ჰუმანიტარული ორგანიზაციების, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და შეასრულოს საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მოთხოვნები.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ დახმარება მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის უნდა გამოიყენებოდეს და მისი გადამისამართება შეიარაღებული ჯგუფების მიერ დაუშვებელია.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამოცხადებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგაც, სამხედრო დარტყმები კვლავ გრძელდება. ასევე, არსებული შეზღუდვების გამო, მოსახლეობას კვლავ არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობით აუცილებელი ნივთები, მათ შორის, სათანადო თავშესაფარი, მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა. შედეგად, ადამიანებს კვლავ არ აქვთ ღირსეული და მისაღები საცხოვრებელი პირობები.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის მიმართ და ყველა მხარეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და სრულად შეასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოს 2803-ე რეზოლუციის დებულებები, გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამის რეზოლუციებსა და საერთაშორისო პოლიტიკურ და სამართლებრივ პრინციპებთან თანხვედრით.

ეს, კერძოდ, გულისხმობს "ჰამასისა" და სხვა არასახელმწიფო შეიარაღებული ჯგუფების განიარაღებას, იარაღის მუდმივ ჩამორთმევას, ისრაელის ძალების სრულად გაყვანას ღაზის სექტორიდან და ღაზაში სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლას. "ჰამასს" ღაზის მომავალ მმართველობაში არანაირი როლი არ უნდა ჰქონდეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები