პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელის მხრიდან მართლმსაჯულების სისტემაში ვეტინგის დანერგვა გულისხმობს მექანიზმს, სადაც მაღალი თანამდებობის პირების შერჩევაში უცხოელ ექსპერტებს გადამწყვეტი ხმა და როლი ექნებათ.
როგორც პაპუაშვილი განმარტავს, ეს მოთხოვნა სიტყვა-სიტყვითაა გაწერილი საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოზიციებში, ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე თუ როგორი იქნება ვეტინგი პრაქტიკაში, პაპუაშვილი მოლდოვის მაგალითს იშველიებს და აცხადებს, რომ მოლდოვაში ვეტინგის კომისიის წევრი არის ნონა წოწორია, რომელიც ადეიშვილის პერიოდში გენპროკურორის მოადგილე იყო.
პაპუაშვილის შეფასებით, წოწორია არის წამების სისტემის შექმნის თანამონაწილე ადამიანი, რომელიც ახლა კეთილსინდისიერებაზე საუბრობს.
"მოლდოვაში ვეტინგის კომისიის წევრი არის ნონა წოწორია, რომელიც გახლავთ ადეიშვილის პერიოდში იყო გენპროკურორის მოადგილე. ის იყო ადამიანი, რომელიც ზუსტად პირველ წლებში, როდესაც მიდიოდა, რაზეც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში დავა არის, ხომ? ის იყო პირველ წლებში, როდესაც მიდიოდა ქონებების ჩამორთმევა, ტელევიზიების მედიების შეზღუდვა, როდესაც მიდიოდა ძალადობის ნორმალიზება... მაშინ ის იყო გენპროკურორის მოადგილე და ეს ადამიანი, დღეს, ნონა წოწორია, მოლდოვაში წყვეტს, ვინ გახდეს მოსამართლე, ვინ - პრეზიდენტი.
აი, ასეთი რეპუტაციისა და ასეთი წარსულის ადამიანი ადამიანი ამოწმებს კეთილსინდისიერებას, რომელიც აქ წამების სისტემის შექმნის თანამონაწილე იყო, როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე. დღეს ის კეთილსინდისიერებას უმოწმებს ვიღაცეებს.
უკრაინას რაც შეეხება, იქ პირდაპირ ადეიშვილი ჰყავთ გენპროკურორის მოადგილედ, თუ რაღაც ეგეთ თანამდებობებზე, თავად პირდაპირ ადეიშვილი იყო ჩართული სასამართლო სისტემაში ხალხის გაშვება-დანიშვნით. ასე რომ, ჩვენ როცა ვსაუბრობთ ბრიუსელის ღირებულებებზე, ბრიუსელის ღირებულება არის ზურაბ ადეიშვილის და ნონა წოწორიას და მიხეილ სააკაშვილის ღირებულება. აი, ეს არის დღეს ბრიუსელის ღირებულება, როგორც ისინი ხედავენ კეთილსინდისიერებას. ბრიუსელის გაგებით, კეთილსინდისიერება ეს არის სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.