18 ნოემბერი 2026,   13:15
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი, რაც ევროკავშირის ელჩმა მოგვიგდო, ისაა, რომ გმობს ძალადობას - სად გმობს? ავსტრალიაში თუ ანტარქტიდაზე? პირდაპირი პასუხი გვჭირდება, გმობს თუ არა 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გარედან მართული და მხარდაჭერილი ორკესტრირებული საინფორმაციო თავდასხმის მიზანია, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება შეზღუდონ, დაასანქცირონ და დახურონ მედიები, რათა შეცვალონ რეალობა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ამ პროცესის მხარდამჭერია ევროკავშირის ელჩი, რომელიც საქართველოში ძალადობას არ გმობს, რითაც აქეზებს ყოველ შემდეგ ძალადობას.

"არ გეგონოთ, რომ ამას ტყუილად აკეთებენ, ამიტომ დაუწესეს სანქციები "იმედს" და "პოს ტვ"-ს, ამიტომ ცდილობენ, გარედან შეზღუდონ გამოხატვის თავისუფლება საქართველოში, დახურონ მედიები. იმიტომ, რომ როგორც კი ხელში ჩაიგდებენ ისინი საინფორმაციო ველს და მით უმეტეს, თუ ხელში ჩაიგდებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, ისინი, როგორც ორუელის "1984"-შია, ისე შეცვლიან რეალობას და ისე წარმოაჩენენ რაღაცას, როგორც არმომხდარს და პირიქით, რაც არ მომხდარა იმაზე იტყვიან, რომ მოხდა, როგორც დაგიბარებიათ. ისე გამოვა ევროკავშირის ელჩი და იტყვის - დიახ, ასე იყო. ამას არ აკეთებს? რას აკეთებს ევროკავშირის ელჩი? სწორედ ამას აკეთებს, როდესაც არ გმობს 4 ოქტომბრის შტურმს პრეზიდენტის სასახლეზე, ამით ის, მისივე დაფინანსებულ "საერთაშორისო გამჭვირვალობას" აძლევს ლეგიტიმაციას, რომ იმან ისაუბროს "ღობის საქმეზე" და არა პრეზიდენტის სასახლის შტურმის საქმეზე. ეს არის, საერთო ჯამში, ის საინფორმაციო თავდასხმა, რომელიც სწორედ გარედან არის ორკესტრირებული, მხარდაჭერილი და მათ შორის, წაქეზებული.

მთავარი ამოცანა ის არის, რომ რაც შეიძლება ბევრი, დაუჯერებელი ტყუილი ილაპარაკონ, რომ შემდეგ დააჯერონ ადამიანები. როდესაც ამას მხარს უბამს ევროკავშირის ელჩი, რომელიც სანამ ის პირადად, საკუთარი სიტყვებით არ დაგმობს 4 ოქტომბრის, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას, არ მოვეშვები ამის შეხსენებას. არ მოვეშვები იმიტომ, რომ თავისი არდაგმობით ის ახალისებს ხვალინდელ ძალადობას. ყოველ შემდეგ ძალადობაში მისი პირადი პასუხისმგებლობაა, რადგან ეს პირველი მოწოდება არ არის. წერილობითაც მიმიმართავს მისთვის, რომ დაეგმო ძალადობა და ხაზს ვუსვამ, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, ევროკავშირის ელჩს არცერთი ძალადობა არ დაუგმია. ერთადერთი, რასაც ის გადმოგვიგდებს, თითქოს საბავშვო ბაღში ვიყოთ, არის ის, რომ ევროკავშირი გმობს ძალადობას, ზოგადად. სად გმობს? ავსტრალიაში გმობს თუ ანტარქტიდაზე? პირდაპირი პასუხი გვჭირდება, გმობს თუ არა 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს? მანამ, სანამ ის ამ სიტყვებს არ იტყვის, ის არის ამ შტურმის მხარდამჭერი და ამ შტურმში მონაწილეთა დამცველი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები