საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა ახალ ეტაპზე გადავიდა. კითხვებს მოპასუხე მხარეს მოსარჩელეები უსვამენ.
"ქართული ოცნების" შეკითხვები ხუთივე პარტიას მიემართება. მოსარჩელე სხვადასხვა თემით ინტერესდება, მათ შორის რომელ კონსტიტუციურ ორგანოებს აღიარებენ ოპოზიციონერები და ადასტურებენ თუ არა ხელისუფლების დასანქცირების მოთხოვნას.
კითხვა-პასუხის რეჟიმში, თორნიკე ჭეიშვილმა მოპასუხე მხარეს ჰკითხა, მიიჩნევენ თუ არა ისინი, რომ საქართველოს ჰყავს დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეული პარლამენტი, კონსტიტუციური წესების დაცვით არჩეული პრეზიდენტი, ასევე კონსტიტუციური პროცედურებით ფორმირებული მთავრობა, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოები, სხვა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოები და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ის საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმურად მიიჩნევს.
იქამდე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა გვარამიას შეახსენა, რომ სასამართლოს სხდომაზე წარმოადგენენ მოსამართლეები, რომელიც, გვარამიას შეფასებით, ქვეყნის "არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა" დანიშნა.
"კი, ეს პრეზიდენტი, ჩვენთვის, როგორც ამ პარლამენტის მიერ ნომინირებული და არჩეული, ლეგიტიმური პირი არ არის, მაგრამ მის მიერ დანიშნული მოსამართლის შემადგენლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს ვაღიარებ თუ არა და მის წინაშე გამოვალ თუ არა, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა", - განაცხადა გვარამიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკა გვარამიას კითხვა დაუზუსტა და კონკრეტული პასუხის გაცემა სთხოვა.
"თქვენ რომ აფასებთ, რომ არალეგიტიმურია მიხეილ ყაველაშვილი, თქვენი შეფასებით "არალეგიტიმურმა მიხეილ ყაველაშვილმა", "არალეგიტიმური გადაწყვეტილება" მიიღო და ორი მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოში "არალეგიტიმურად" წარმოადგინა და საკონსტიტუციო სასამართლოს ახლა ორი "არალეგიტიმური მოსამართლე" ჰყავს?", - იკითხა არჩილ გორდულაძემ.
გვარამიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო, "ასეა თუ ისე, არის ლეგიტიმური სასამართლო ორგანო".
"მარტივად გავეცი პასუხი სასამართლოს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით: აქ ვდგავარ იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო (ჩემი შეფასება მაქვს შინაარსთან დაკავშირებით), ასეა თუ ისე, არის ლეგიტიმური სასამართლო ორგანო", - განაცხადა გვარამიამ.
სხდომა სასამართლოში უკვე სამ საათზე მეტია მიმდინარეობს. ეს საქმის არსებითი განხილვის რიგით მე-15-ე პროცესია.