საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა "ღამის კურიერში" ისაუბრა.
როგორც წილოსანი აღნიშნავს, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩინეთისთვის და ამას ჩინური მხარე ყოველი ვიზიტის დროს ადასტურებს.
მისივე თქმით, ჩინეთი იაზრებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტის როლს.
"წელიწადში თითქმის ორჯერ მიწევს სხვადასხვა ფორმატებში ჩინეთში ვიზიტი. ყველა ჩასვლაზე ვხედავ ურთიერთობის უფრო მეტად გაღრმავებასა და ქართულ-ჩინური ურთიერთობის მაღალ ეტაპზე გადასვლას.
უზომო არის მათი ტექნოლოგიური რესურსი, უზომო არის მათი ეკონომიკური წინსვლის რესურსი. 5%-ზე მეტი აქვთ ეკონომიკური ზრდა, მაშინ, როდესაც ვიცით რა არის სხვა დასავლური ქვეყნების ეკონომიკური ზრდა. წარმოუდგენელ პროგრესს აღწევენ. ეს არის ნამდვილად მისაბაძი და ბევრი მიმართულებით სამაგალითო.
დიდი იყო მათი ინტერესი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ, დიდი იყო დაინტერესება და საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილი მათი მხრიდან. ყველა ჯერზე ამბობდნენ, რომ მოხარულები არიან, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელთანაც სტრატეგიული თანამშრომლობა აქვთ.
ბოლო ორ-სამ წელიწადში სტრატეგიული თანამშრომლობაც გავაფორმეთ და ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობა, რაც გულისხმობს, რომ ყველა დარგობრივი მიმართულებით იქნება ურთიერთობები, ყველა დარგობრივი მიმართულებით იქნება მათი გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა.
ვსაუბრობთ საქართველოს როლზე, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემადგენელზე, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ევრობიუროკრატები ამას არ აღიარებდნენ, უბრალოდ გეოგრაფია გვეუბნება ამას. როდესაც ფაქტების წინაშე დადგებიან, მოუწევთ ეს ყველაფერი აღიარონ. თავისთავად, ჩინეთის მხარეც ამას ძალიან კარგად ხედავს რაც მთავარია ყველა ჩასვლაზე და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მესიჯია.
ჩინეთი არის ქვეყანა, რომელსაც ბოლო 100 წლის მანძილზე არ დაუწყია ომი. ეს არის ყველაზე მშვიდობიანი ქვეყანა, რომელიც მიზანმიმართულად არის ორიენტირებული საკუთარი ქვეყნის გაძლიერებაზე", - განაცხადა ნინო წილოსანმა.