18 ნოემბერი 2026,   21:45
ვრცლად
მოსარჩელე მხარის მტკიცებულებები - "ქართული ოცნების" 76 გვერდიან სარჩელს თან ახლავს ციფრული მტკიცებულება, თუ რა განცხადებებს აკეთებდა წლების განმავლობაში ოპოზიცია

მტკიცებულებების მხოლოდ ნაწილი, 76 გვერდი და 174 ბმული, მათ შორის საგამოძიებო უწყების ოფიციალური განცხადებები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პოსტები, სხვადასხვა გადაცემასა თუ ინტერვიუში გაკეთებული ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები, ძალადობის მხარდაჭერის ან წახალისების კონკრეტული ფაქტები - ის, რაც ასაკრძალთა სიაში მყოფი პარტიების ანტიკონსტიტუციურ მიზნებსა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ასახავს, მოსარჩელე მხარემ დღეს სასამართლოს, მოვლენათა ქრონოლოგიის შესაბამისად, ფაქტობრივი სიზუსტით წარუდგინა.

პარლამენტის შენობასთან გამართული ძალადობრივი აქციის შესახებ შსს-ში ბრიფინგი 10 მარტს გაიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, დაზიანდა პარლამენტის შენობა. ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანებს. დაშავდა შსს-ს 58 თანამშრომელი, მათგან რამდენიმემ მძიმე დამწვრობა მიიღო, ბრიფინგის მომენტისთვის სამედიცინო დაწესებულებებში 5 სამართალდამცველი მკურნალობდა.

მარტის აქციებზე, პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების მუხლით დაკავებულ 6 პირს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, მათ შორის იყო ლაზარე გრიგორიადისი, რომელმაც ცეცხლი წაუკიდა პოლიციის ავტომობილს და სამართალდამცველებს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა, შედეგად დამწვრობა მიიღო 2-მა პოლიციელმა, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობას" არც გრიგორიადისის და არც სხვა აქტივისტების ძალადობა დაუგმია, პირიქით, პარტიის ნომერ პირველ მოთხოვნად აქციეს "მოლოტოვის კოქტეილის" სროლისთვის ბრალდებული გრიგორიადისის გათავისუფლება - ეს მაშინ, როდესაც აღკვეთ ღონისძიებად, პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული და ეს გადაწყვეტილება საბოლოო იყო.

სალომე ზურაბიშვილისგან ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ითხოვდნენ, მანამდე კი თვეების განმავლობაში არ ემიჯნებოდნენ ძალადობას, პირიქით, ფაქტს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მძიმე დანაშაულის რომანტიზებას ცდილობდა, მედია არქივიც ადასტურებს.

გრიგორიადისისა და აქციის სხვა მონაწილეების ძალადობა არ დაუგმიათ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრებსაც, რომლებიც ჯერ აქტიურად ითხოვდნენ ზურაბიშვილისგან მის შეწყალებას, 2024 წლის აპრილში მიღებული ამ გადაწყვეტილების შემდეგ კი ერთმანეთის მიყოლებით მიესალმებოდნენ უკვე შეწყალებული, სამართალდამცველებზე "მოლოტოვის კოქტეილით" თავდამსხმელის გათავისუფლებას.

მედია არქივში შენახული მასალებით ირკვევა, რომ გრიგორიადისის გათავისუფლებამდე აწარმოეს მხარდამჭერი კამპანიაც. "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები საპროტესტო ტალღის აგორებას საზოგადოების დაშინებისა და გრიგორიადისის თემით მანიპულირების გზით ცდილობდნენ.

ლაზარე გრიგორიადისი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადეს სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმაც, რომლებიც მობილიზაციისა და წინააღმდეგობისკენ საჯაროდ მოუწოდებდნენ. მოსარჩელე მხარემ სხდომაზე ეს კონკრეტული განცხადებებიც ამოიკითხა.

"ლელოს" ლიდერები მაშინ საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნასაც იყენებდნენ იმისთვის, რომ ძალადობრივ ქმედებებში მხილებული პირებისთვის მადლობა საჯაროდ გადაეხადათ. ამას მოწმობს 2023 წლის 4 აპრილს, მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომაზე სალომე სამადაშვილის პოლიტიკური განცხადებაც.

აქციის ძალადობრივ შინაარსზე ერთი სიტყვაც არ უთქვამთ გახარიას პარტიაში, სამართალდამცველებზე თავდასხმა არც თავად ყოფილ შსს-ს მინისტრს დაუგმია. პირიქით, მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ პარტია "საქართველოსთვის" ხელისუფლებას მოუწოდებდა მძიმე დანაშაულების მიუხედავად, აქციის მონაწილეების მიმართ ამნისტია გამოეცხადებინა.

მოსარჩელე მხარემ დეტალურად ისაუბრა 2024 წლის აპრილ-მაისში გამართულ ძალადობრივ აქციებზეც, რომელიც გამჭვირვალობის კანონის განხილვის პარალელურად დაიწყო და პარლამენტზე შტურმში გადაიზარდა - ეს მას შემდეგ, რაც შსს-მ ტერიტორიიდან საპოლიციო ძალები სრულად გაიყვანა. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, შენობისთვის ცეცხლის წაკიდებას, ისროდნენ ბოთლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის სამსახურის ეზოში, სადაც შსს-ს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. არ გაითვალისწინეს საგამოძიებო უწყების არცერთი მოწოდება წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით - ამ ყველაფერს კი ღიად მხარს უჭერდა და მშვიდობიანს უწოდებდა 5-ივე ოპოზიციური ძალა.

დაკავებულებს ოპოზიცია პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებდა, ძალადობრივ აქციას მშვიდობიანს. ამას ასაკრძალთა სიაში მყოფი ოპოზიციური პარტიის ლიდერები ყველაზე ხშირად იმეორებდნენ.

იდენტური მიდგომა ჰქონდა ოპოზიციას 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებთან დაკავშირებითაც. თავდაპირველად არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, ძალადობრივი პროტესტის ახალი ტალღა კი 28 ნოემბრის საღამოდან დაიწყო. პოლიციასთან დაპირისპირება, პარლამენტში ხანძრის გაჩენის მცდელობები, ბარიკადები. შსს-ს 113 დაშავებული თანამშრომელი და 33 პირის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი - ამ ყველაფრის ფონზე, მოსარჩელე მხარის თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებს წინააღმდეგობისკენ მოუწოდებდა.

ოპოზიციური პარტიები აანონსებდნენ საყოველთაო დაუმორჩილებლობას და ზეწოლას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. იყო მუქარის შემცველი განცხადებებიც.

ასაკრძალთა სიაში მყოფი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი, მაგალითად "ლელო", სხდომათა დარბაზში ირწმუნებოდა, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციაში ჩართული არ იყვნენ, თუმცა მოსარჩელე მხარემ ამოიკითხა მათი მოწოდებები თვითმმართველობის არჩევნებამდე, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების, რომლებიც პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილ შტურმამდე თვეებით ადრე საუბრობდნენ ხელისუფლების დამხობასა და სხვადასხვა ძალადობრივ მეთოდზე, რომლის გამოყენებაც უნდა მომხდარიყო ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური გზით ხელში ჩასაგდებად.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თითოეული ძალადობრივი შინაარსის ან ძალადობის წამახალისებელი განცხადება, მოსარჩელე მხარეს მტკიცებულების სახით ნუსხაში აქვს შეტანილი, რაც კანონმდებლების თქმით, ადასტურებს, რომ ასაკრძალთა სიაში მყოფი პარტიები წლების განმავლობაში სინქრონულად და კოორდინირებულად ცდილობდნენ კონსტიტუციური წყობილების სხვადასხვა გზით დამხობას.

დღის ამბები