18 ნოემბერი 2026,   21:54
ვრცლად
საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამანათით შემოიტანეს - სამართალდამცველებმა 5 კილოგრამი "მეფედრონი" და 3 კილოგრამი "ალფა-პვპ" ამოიღეს

5 კილოგრამი "მეფედრონი" შამპუნის ნაცვლად - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი საქართველოში ამანათით შემოვიდა.

საჰაერო გზით გამოგზავნილ ამანათს საბაჟო კონტროლი ჩაუტარდა. შამპუნის ბოთლებში ჩასხმული ნარკოტიკი რენტგენოსკანერზე გამოჩნდა, გაიხსნა და შემოწმდა. "მეფედრონი" პლასტმასის ყვითელ და შავ ჰერმეტულ კონტეინერებში იყო გადანაწილებული.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 5 კილოგრამი "მეფედრონი" ნარკოდანაშაულის მთავარ ნივთმტკიცებად ამოიღეს და გზავნილის ადრესატს ხელბორკილი დაადეს. "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებული საქართველოს მოქალაქეა.

დაკავების ღონისძიება ქუჩაში იმ დროს ჩატარდა, როდესაც ადრესატმა მის სახელზე გამოგზავნილი ამანათი აიღო. 35 წლის მამაკაცი დარწმუნებული იყო, რომ მასში ნარკოტიკი იქნებოდა, თუმცა გზავნილი სამართალდამცველებს უკვე ჩანაცვლებული ჰქონდათ.

მოგვიანებით საგამოძიებო მოქმედებები დაკავებულის სახლში გაგრძელდა. ეს კადრები იმ ოთახშია გადაღებული, სადაც ქიმიური ხსნარის შეფუთვაში 3 კილოგრამი "ალფა-პვპ" ინახებოდა.

ჩხრეკისას სახლიდან ამოღებულია ასევე 2 სანადირო თოფი და საბრძოლო მასალა.

ელექტროსასწორი, წებოვანი ლენტები და საჭირო მოწყობილობები ბრალდებულს, სავარაუდოდ, ნარკოტიკის დასაფასოებლად და შემდეგ მისი გავრცელებისთვის სჭირდებოდა.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები