თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა დღეს გაიმართება.
განხილვა ქალაქ გარდაბნის კულტურის ცენტრში, 13 საათზე შედგება. განაშენიანების გეგმას Eagle Hills Georgia სივრცითი და ქალაქთ-მშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ განსაზღვრული ტექნიკური დავალების შესაბამისად ამუშავებს.
საჯარო განხილვის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ტერიტორიის განვითარების ხედვა, დაგეგმილი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი და რეკრეაციული სივრცეები.
საჯარო განხილვის მიზანია დაინტერესებული პირებისთვის დოკუმენტაციის გაცნობა, მათ კითხვებზე პასუხის გაცემა და მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მოსმენა.
Eagle Hills Georgia-ის საქართველოს გენერალური მენეჯერის, თორნიკე ზირაქიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს.
"კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, ჩვენი განაშენიანების გეგმა საჯარო განხილვების ეტაპზე იმყოფება. ხსენებულის ფარგლებში დღეს, გარდაბანში გაიმართება საჯარო განხილვა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ წარვადგენთ ჩვენ პროექტს და დაინტერესებული მხარეებისგან მოვუსმენთ მათ მოსაზრებებს, რეკომენდაციებს და კომენტარებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს ღია, საჯარო და რა თქმა უნდა, გამჭვირვალე", - განაცხადა თორნიკე ზირაქიშვილის.