დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნა, ევროკომისიის ბოლო ანგარიშის შემდეგ, ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციაშიც ჩაიწერა. ახლიდან მოითხოვა თბილისმაც კონკრეტიკა - ვის გათავისუფლებას ითხოვს ბრიუსელი? კითხვა ევროკავშირის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუსვეს, სადაც პაველ ჰერჩინსკი ახსნა-განმარტებისთვის იმყოფებოდა. დიპლომატს მორიგ ჯერზე სთხოვეს - სახელებითა და გვარებით წარმოადგინონ, ვინ მოიაზრება თვითნებურად დაკავებულ პირებში მაშინ, როდესაც კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით დამდგარია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი.
ძალადობრივი აქციის დროს დაკავებულთა ნაწილმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა, ნაწილმა კი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. უპასუხოდ დარჩენილი კითხვა სახელისუფლებო გუნდისთვის კიდევ ერთი არგუმენტია ისაუბროს ევროკავშირის ღირებულებით კრიზისზე, რომლის ერთ-ერთი ნიშანიც, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით სწორედ ცილისწამებაა.
როგორც ჩანს, ბრიუსელისთვის ერთ-ერთი "თვითნებურად დაკავებული" პაატა ბურჭულაძეა. სწორედ მის
გათავისუფლებას ითხოვს ევროპარლამენტი მორიგი რეზოლუციით. დოკუმენტი უგულებელყოფს ფაქტს, რომ 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობის ორგანიზატორებს დანაშაული აღიარებული აქვს.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ თვითნებურად დაკავებულთა ვინაობას დაკონკრეტება არ სჭირდება. მმართველი გუნდის ოპონენტები ძალადობრივ აქციებს მშვიდობიანს უწოდებენ, დაკავებულებს კი უკანონო პატიმრებს.
რატომ არ პასუხობს თავად ბრიუსელი? - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევრობიუროკრატების დუმილს რამდენიმე მიზეზი აქვს - ერთი მხრივ არ უნდათ აღიარონ, რომ სწორედ გარე აქტორები ახალისებდნენ ძალადობრივ მოვლენებს, მეორე მხრივ კი თავს არიდებენ თვალი გაუსწორონ ფაქტს, რომ საქართველოში მართლმსაჯულება მტკიცებულებათა უმაღლესი სტანდარტით მოქმედებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში მისულ პაველ ჰერჩინსკის უთხრეს ისიც, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული მორიგი რეზოლუცია მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია ყალბი ნარატივების გასავრცელებლად და ის ძირს უთხრის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას.