27 ნოემბერი 2026,   21:15
ვრცლად
შეურაცხმყოფელი შეძახილები, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, მუნიციპალური ინვენტარის განადგურება და დაპირისპირება - საქართველოს შს მინისტრმა ბათუმის სტადიონზე მომხდარი ინციდენტის დეტალები განმარტა

თურქეთის საფეხბურთო კლუბის "ბეშიქთაშის" გულშემატკივრები საქართველოს საზღვართან აგრესიული და პროვოკაციული შინაარსის ბანერებით, ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი მოწოდებები სოციალურ ქსელებში, ძალადობრივი განცხადებები და დეზინფორმაცია ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე - შინაგან საქმეთა მინისტრმა მედიასთან დღეს ქრონოლოგიურად განმარტა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის და საზღვარზევე აღკვეთილი პროვოკაციის დეტალები.

შეურაცხმყოფელი შეძახილები, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, მუნიციპალური ინვენტარის განადგურება და დაპირისპირება - ასე დაიწყო თურქული კლუბის, „ბეშიქთაშის“ აგრესიულად განწყობილი გულშემატკივრების ნაწილმა ბათუმში, ევროპის მოედნიდან სტადიონისკენ მსვლელობა, სადაც ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევასთან“ მატჩი უნდა გამართულიყო. წესრიგის დამრღვევები სხვადასხვა საგანს ისროდნენ და სამართალდამცველებს უპირისპირდებოდნენ.

„ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ვანდალიზმი გაგრძელდა „ბათუმი არენაზეც“. რადიკალურად განწყობილი ჯგუფები ტრიბუნებზე ისრაელელ გულშემატკივრებთან მიახლოებასა და კონფლიქტის ხელოვნურად გამწვავებას ცდილობდნენ. პარალელურად, მიზანმიმართულად აზიანებდნენ სტადიონის ინფრასტრუქტურას, თავს ესხმოდნენ პოლიციას, ხსნიდნენ, ამტვრევდნენ სკამებს და ადგილზე მობილიზებულ ძალოვნებს ესროდნენ, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამშრომელი დაშავდა.

პოლიციამ მოძალადე ჯგუფებს წესრიგის დაცვისკენ არაერთხელ მოუწოდა, დაუმორჩილებლობის გაგრძელების შემდეგ კი, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები დაიწყო. სამართალდამცველებმა 16 პირი დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს თურქულ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციასაც გამოეხმაურა, თითქოს სტადიონზე დაპირისპირება „ბეშიქთაშის“ მხარდამჭერების მიერ პალესტინის დროშის გამოფენას მოჰყვა.

სულხან თამაზაშვილის თქმით, დროშის აღების მოთხოვნით გულშემატკივრებთან არა ქართველი სამართალდამცველი ან სახელმწიფოს წარმომადგენელი, არამედ თავად თურქული კლუბის, „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული კერძო კომპანიის თანამშრომელი მივიდა, რომელსაც უეფას წესის აღსრულება უშუალოდ ევალებოდა. მინისტრმა ისიც განმარტა, რომ სტანდარტების შესაბამისად, სტადიონზე თურქეთის ისრაელის და საქართველოს სახელმწიფო დროშების გარდა, სხვა სიმბოლიკა და ატრიბუტიკა გამოყენებული არ უნდა ყოფილიყო.

ქართული მხარის პოზიციას იზიარებს უეფაც. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ბათუმში სამართალდამცველების მოქმედებას კომპეტენტური უწოდა და აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში მათ საკუთარი მოვალეობა შეასრულეს.

მატჩი „ბეშიქთაშის“ მოედანზე, სტამბოლში უნდა გამართულიყო, თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ "უეფას" აცნობა, რომ უსაფრთხოების რისკების გამო, თამაშის ჩატარება შეუძლებელი იყო. "უეფამ" მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე - ბათუმში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე.

დღის ამბები