სახელისუფლებო პარტიისთვის ბათუმში განვითარებული მოვლენები მათი ოპონენტების ლუსტრაციის მორიგი მაგალითი აღმოჩნდა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საკითხი დგას დღის წესრიგში - ცდილობენ, ყველა თემა ვიწრო პარტიულ ინტერესებს მოარგონ და პოლიტიკური სარგებლის მიღებას შეეცადონ.
ანტიქართულ ქმედებებში სახელისუფლებო ძალა ყველა იმ ოპოზიციური პარტიის ლიდერსა და წარმომადგენელს ადანაშაულებს, რომლებიც, მათივე შეფასებით, ბათუმის ინციდენტიდან მალევე ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი მედიაში აქტიურობდნენ. ნაწილი შეეცადა, მომხდარი კონკრეტული პირების პასუხისმგებლობად ექცია, მეორე ნაწილი ამ ინციდენტის ეროვნულ და რელიგიურ დაპირისპირებად წარმოჩენას ცდილობდა, გარკვეულმა ჯგუფმა კი არც დამალა ფეხბურთის აგრესიული გულშემატკივრების პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენების სურვილი.
სპორტთან დაკავშირებული საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა „ქართული ოცნებისთვის“ სპეკულაციისა და საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის სურვილით აიხსნება. საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციისა და მათი თანამოაზრეების რეაქციებმა ანტიეროვნული მიზნები გამოააშკარავა.
სოციალური ქსელების გარდა, ოპოზიციის ნაწილი მედიის საშუალებითაც ცდილობდა, არ დაემალა, რომ თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის მიმდინარეობისას აგრესიული თურქი გულშემატკივრების ქცევაზე ქართველი პოლიციელების საპასუხო ქმედება საერთაშორისო დაპირისპირების საფრთხის კონტექსტში განეხილა. ხელისუფლების ოპონენტებისა და მათი თანამოაზრეების კრიტიკა ისმოდა იმის გამოც, თუ რატომ აიღო საქართველომ ნეიტრალური მასპინძლის ფუნქცია.
როგორ მოქმედებს ოპოზიცია მაშინაც კი, როდესაც საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება? ბათუმში განვითარებული მოვლენების შემდეგ ოპონენტების რეაქცია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მიაჩნიათ, რომ გუშინდელი დღე ოპოზიციის პირადი მიზნების ნათელი მაგალითია.
ბათუმის ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალურ თბილისსა და ანკარას შორის კომუნიკაციის შემდეგ შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და თურქეთის ელჩს შორის. ზურაბ პატარაძემ დიპლომატს პროვოკაციის, პოლიციის მიმართ შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. განუმარტა ისიც, რომ ვითარების ესკალაციის თავიდან ასარიდებლად სამართალდამცველებმა პროპორციულად იმოქმედეს.
ამ დროისთვის ბათუმში სიმშვიდეა. „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს უეფა გამოიძიებს.