შს მინისტრის ყოფილი მოადგილე პოსტსკრიპტუმთან საუბრისას მასზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს. გელა ხვედელიძე ამბობს, რომ თავდამსხმელებს ძალოვან უწყებებში გავლენიანი მფარველები ჰყავთ.
მისი აზრით, თავდასხმის ფაქტის გამოსაძიებლად საკმარისი ფაქტები არსებობს, თუმცა გელა ხვედელიძეს უკვე ეჭვი ეპარება, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ.
შს მინისტრის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ მას თავდასხმამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ. ინტერვიუში მან სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე, სოსო გოგაშვილი დაასახელა.
„ძირითადად ეგ ახორციელებდა წლების განმავლობაში ჩემთან მიმართებაში გარკვეულ ოპერატიულ ღონისძიებებს,“ - აცხადებს გელა ხვედელიძე.
შს მინისტრის ყოფილი მოადგილის თქმით, სუს-ს, კერძოდ კი უწყების ხელმძღვანელის მოადგილეს, ის პირად მტრად ჰყავდა გამოცხადებული.
გელა ხვედელიძე გამორიცხავს, რომ სოსო გოგაშვილის გარდა რომელიმე გავლენიან პირს შეეძლოა მის წინააღმდეგ თავდასხმა განეხორციელებინა.
ის არ გამორიცხავს, რომ მსგავსი ტიპის თავდასხმები სხვადასხვა სახის ინფორმაციის მქონე ადამიანების წინააღმდეგაც დაიგეგმოს.
2013 წლის ივნისში ის თანამდებობიდან შიდა დაპირისპირების ფონზე გაათავისუფლეს.
ავტორი: ნოდარ მელაძე.