27 აპრილი 2024,   01:19
ვრცლად
პოლიციამ შაჰინის სკოლის ყოფილი დირექტორი დააკავა

კრიმინალურმა პოლიციამ შაჰინის სკოლის ყოფილი დირექტორი დააკავა. ადვოკატის ინფორმაციით, მუსტაფა ჩაბუკის დაპატიმრება თურქეთის მხარემ ტერორისტულ ორგანიზაცია ფეტოსთან სავარაუდო კავშირის გამო მოითხოვა.

ოჯახის წევრები ბრალდებას აბსურდულად თვლიან და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. 

„მიზეზი სავარაუდოდ, თურქეთიდან მომდინარეობს, გუშინ თუქრეთის დელეგაცია იყო ჩამოსული საქართველოში და სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ, დღეს დილით დააკავეს ჩემი მეუღლე. გამომძიებლებმაც მითხრეს, რომ ქართული მხარე მუსტაფას სამართლებრივად არაფერს ედავება. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, სახალხო დამცველს და დიპლომატიურ კორპუსს, სწრაფად მოახდინონ რეაგირება და არ გადასცენ უდანაშაულო მუსტაფა ჩაბუკი თურქეთს,“ - განაცხადა მუსტაფა ჩაბუკის მეუღლემ, თუფა კანდემირ-ჩაბუკიმ. 

ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალებში, რომელიც თურქული მხარისგან მიიღო, არ დასტურდება ჩაბუკის რაიმე კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან.

მუსტაფა ჩაბუკი დემირელის სკოლის პარტნიორთა საბჭოს წევრია. ის საქართველოში უკვე 15 წელია ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

დღის ამბები