05 მაისი 2024,   00:49
ვრცლად
საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოს პარლამენტს  სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმირებისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოს პარლამენტს მწვავე განცხადებით მიმართავს და სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმირებისკენ მოუწოდებს. ბიზნეს გაერთიანებაში ქართულ სასამართლოს არასანდოდ და მიკერძოებულად აფასებს. აცხადებენ, რომ სავაჭრო პალატაში უკმაყოფილო ბიზნესმენების რიცხვი იზრდება და სულ უფრო მეტი ისეთი შემთხვევა იყრის თავს, როდესაც სასამართლო არა სამართლებრივი, არამედ კონკრეტული ბიზნეს ინტერესების მიხედვით მოქმედებს.

ბიზნეს ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივი კონსულტაციები დაიწყეს. საერთო მოთხოვნებსა და რეკომენდაციებზე შეთანხმების შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ. თვლიან, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლო ხელისუფლებასთან დისკუსიის და კონსტრუქციული თანამშრომლობის რესურსი ამოწურეს, მთავარი პასუხისმგებლობა პარლამენტსა და მმართველ გუნდზეა.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი დღეს ბიზნეს ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის მოთხოვნებს გამოეხმაურა და სასამართლო სისტემის რეფორმირების აუცილებლობა აღნიშნა. თუმცა მმართველ გუნდში ჯერ არ აკონკრეტებენ მიიღებენ თუ არა შეთავაზებას სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ და დაიწყება თუ არა მსჯელობა უახლოეს მომავალში, როგორც ამას მიმართვის ავტორები მოითხოვენ.

ბიზნეს სექტორის, პროფკავშირების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი უახლოეს დღეებში, გაფართოებულ საჯარო განხილვას აანონსებენ.

დღის ამბები